
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საგზურ ვერ გაინაღდა და პლეი-ოფში რუმინეთთან 4:7 დამარცხდა. გულდასაწყვეტია, რადგან პირველი ტაიმის მიწურულამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე მეტოქე გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და გოლი გასახდელში გააყოლა ჯვაროსნებს.
ანგარიში რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სტუმართა მეკარის დალაშქვრა 3ჯერ მოახერხეს. ქართველთაგან პირველ ტაიმში თავი მურთაზ კაკაბაძემ და არჩილ სებისკვერაძემ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმი წავაგეთ. უშანსოდ, პირველ მატჩში დუბლის ავტორმა სავიომ თავი ოლიმპიურ სასახლეშიც გამოიჩინა და ზვიად კუპატაძის კარის დალაშქვრა 4ჯერ მოახერხა. სწორედ მან გადაწყვიტა ორივე მატჩის ბედი.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა სამწუხაროდ 12 გუნდიანი ფინალური ეტაპი ისევ ოცნებად დაგვრჩა.
მატჩის შემდგომ ზვიად კუპატაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"იცი რა დაგვაკლდა? დაგვაკლდა კუპატაძე კარგ ფორმაში. ამდენ გოლს რომ გაგიტანენ, შენ თავში არის რაღაც. მეორე მიზეზი ის არის, რომ ყველამ ცოტა ადრე დავიწყეთ ზეიმი. გამოცდილება არ გვაქ ასეთ თამაშებში. მე ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ 2:2 არაფერს არ ნიშნავდა და აქ გაცილებით სხვა თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. პირველ თამაშში გუნდი ყოველთვის ინახავს ძალებს მეორე თამაშისთვის. მათ 11 ნომერი ვერ დავკეტეთ. რამდენი გოლი გაგვიტანა არც ვიცი. ალბათ თამაში ვერ გავარჩიეთ სწორად და ეს ორი მიზეზი იყო სულ.ბიჭები ვიბრძიდით, ვიგებდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წამზე გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ჩვენ კიდევ ვითამაშებთ", - გვითხრა ზვიად კუპატაძემ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა თამაში მიმოიხილა და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გამოც გუნდი მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.
"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და მე ამაყი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას იმიტომ, რომ წაგებული თამაშის შემდეგ მაინც ტაშს გვიკრავდნენ. რომ მოგვეგო წარმომიდგენია რა მოხდებოდა. კოშმარული ღამე გველის. ბოდიშს ვუხდი მთელს საქართველოს, რადგან ჩვენი იმედი ქონდათ და ვერ შევძელით მათი იმედი გაგვემართლებინა.ჩვენი მხრიდან იყო რაღაც პრობლემები, რომლებიც უნდა გამოგვესწორებინა, თუმცა ვერ შევძელით. პლეი-ოფში პირველად ვიყავით და გამოცდილება დაგვაკლდა. გასახდელში ძალიან ბევრი ცრემლი და გულისტკივილი იყო, მაგრამ გპირდებით, რომ ეს წაგება უფრო გაგვაერთიანებს", - განაცხადა ასათიანმა.
იხილეთ ფოტო-ალბომი





ჩვენ








