14 ლომით მოედანზე
14 ლომით მოედანზე
24.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, პოლონეთში, მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო. მსოფლიოს 2020 მომდევნო ეტაპზე გადასასვლელ მატჩში, ქართველთა გუნდი ტურნირის მასპინძელ პოლონეთს შეხვდა.


ანგარიში მე-9 წუთზე ქართველებმა გახსნეს. გოლი თალესმა გაიტანა (8:12), თუმცა, მალევე პოლონელებმა ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი წინაც გაიჭრნენ და ტაიმიც მოიგეს. მეორე ტაიმში პირველისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო და ტაიმის დასაწყისშივე ჯერ ფუმასამ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი პენალტით კვლავ თალესმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.  


„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლოთ. ამიტომ, რაიმეს თქმა ადრეა, მაგრამ ჩვენ არ ჩამოვსულვართ აქ იმისთვის, რომ 3 ქულა ავიღოთ, მილოცვები მივიღოთ და ეს კარგ შედეგად ჩავთვალოთ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გავიდეთ ელიტ-რაუნდში. ეს ქართულ ფუტსალს ძალიან წაწევს წინ და დაეხმარება იმიტომ, რომ იქნება ევროპის შესარჩევი, მერე დავიწყებთ ძირითადი ეტაპიდან. იმის თქმა მინდა, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, მარტო დღეის საქმეს არ გავაკეთებდით. ეს, ბიჭებს, ყველას გათავისებული აქვს და დღეს, მოედანზე გვყავდა 14 ლომი. მათ ხარჯზე დღეს მოვიგეთ - ეს იყო უმთავრესი", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.GE-სთან საუბარში.


ავთანდილ ასათიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს, ასეთი რთული თამაში არ ჰქონია, თუმცა უფრო რთული მატჩი ქართველებს 25 ოქტომბერს, ესპანეთის (მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონის) წინააღმდეგ ელოდებათ.  პირველ შეხვედრაში ესპანეთმა ფინეთი 4-1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები, სულ ბოლოს, სწორედ, ფინეთს დაუპირისპირდება.


პოლონურ  ზელონა გორაში გამართული მეინ-რაუნდის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას 2 გუნდი გააგრძელებს. შესაბამისად, ქართველებს ქულების გარდა, მომდევნო ეტაპზე გასავლელად, ძალების სწორად გადანაწილებაც მოუწევთ.