
ბათუმი - მგზავრები 70-68 (11-16/23-20/21-10/15-22)
სუპერლიგის მე-3 ტური დღეს, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო. აჭარაში სათამაშოდ "მგზავრები" ჩავიდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული ფინალით დასრულდა, არადა, ბათუმელები თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით 65:55 იგებდნენ.
დასკვნით წუთებში "მგზავრების" მოთამაშეებმა მოახერხეს მობილიზება და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე, ტაჯ სპენსერის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ 68:67 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმეს. "მგზავრებს" 2 გუნდური ჯარიმა ჰქონდა, თუმცა ერთის სარგებლიანად გამოყენება მოასწრო, მეორესი კი ვერა: ჯუნიუს პროველმა მოასწრო სროლა და მასზე სპენსერი დაჯარიმდა. ბურთი ჩავარდა, პროველმა საჯარიმოც ზუსტად შეასრულა და "ბათუმი" საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე 70:68 (სტატისტიკა) დააწინაურა.
სტუმრებმა სროლის ორგანიზება ვერ მოასწრეს და მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა. ზღვისპირელებს 20 ქულითა და 7 მოხსნით ლევან მასხულიამ ულიდერა. 11-11 ქულა რევაზ ჩაჩანიძემ და ლევან ელიაძემ მიითვალეს. 10 ქულა და 9 მოხსნა კოლინ მალკოლმის ანგარიშზე დაგროვდა. "მგზავრებში" 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი. 14 ქულა და 5 პასი იკენა აგუსმა მიითვალა.
მე-3 ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა. გასული სეზონის ფინალურ მატჩში მომხდარი არეულობის გამო ქუთაისის გუნდს ცარიელ დარბაზში უწევს თამაში. სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონთან სათამაშოდ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ ჩავიდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში დამარცხება არ აქვს. თსუ-ელებს დანაკლისი ჰქონდათ ძირითადი ცენტრის, გიორგი ტურძილაძის სახით, რომელიც ტრავმირებულია და 1 თვეს გამოტოვებს.
ქუთაისი - თსუ 75-91 ( 13-25/22-16/18-27/22-23)
მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტელებს არაფერი გასჭირვებიათ. პირველი ნახევრის 6 ქულით მოგების შემდეგ, თსუ-ელებმა მასპინძლები მესამე პერიოდში გატეხეს. ათწუთეული თბილისელებმა 27:18 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 15 ქულით გალიდერდნენ, ხოლო მალე თსუ-ს უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს - მათ თამაშის გადარჩენის რესურსი არ ჰქონდათ. საბოლოოდ თსუ-მ 91:75 (სტატისტიკა) მოიგო და 3-დან 3 გამარჯვებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
უნივერსიტეტელთაგან საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 17 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 19-19 ქულა მოაგროვა რიკი მედისონმა და სანდრო სანაძემ. 9-9 ქულით გუგა პატაშური და ჯორჯი მილოსავლიევიჩი გამოირჩნენ. "ქუთაისში" 30 ქულით საუკეთესო იყო გასულ სეზონში თსუ-ში მყოფი ჯეიმს მილიკენი. 23 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა.
ოლიმპი - ცხუმ-აფხაზეთი 91-82 (21-17/18-24/25-27/27-14)
სუპერლიგის მე-3 ტური, რომელიც გუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო, დღეს დედაქალაქში გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. საკალათბურთო კლუბმა "ოლიმპმა" მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა "ცხუმ-აფხაზეთი" 91:82 დაამარცხეს.
ოლიმპელებს საწყისი 2 ტურის მატჩები წაგებული ჰქონდათ და "ცხუმ-აფხაზეთთანაც" მატჩის უმეტეს დროს აგებდნენ. საწყისი პერიოდის 21:17 მოგების შემდეგ "ოლიმპმა" მეორე ათწუთეული 18:24 დათმო და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით ჩამორჩა. მესამე მეოთხედი მეტნაკლებად თანაბარი გახლდათ, თუმცა ცხუმელებმა უპირატესობის 4-ამდე გაზრდა მოახერხეს, ხოლო დასკვნით პერიოდში ზვიად ანთაძის გუნდმა ტემპს და სიზუსტეს უმატა, 10 ქულით დაწინაურდა და "ოლიმპი" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი მალევე გამოერკვა. ამერიკელი ლეგიონერების, კორი ჰოლდენისა და აკიეან ფრედერიკის ზუსტ გარღვევებს, რეზო როგავამ 2 ზუსტი სამქულიანი მოაყოლა და "ოლიმპი" შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გალიდერდა. სწრაფი თამაშისა და მწყობრი დაცვის წყალობით ოლიმპელებმა გაქცევა გააგრძელეს და მეტოქე 8 ქულით ჩამოიტოვეს - 71:63. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც, დარჩენილ 3 წუთში, ცხუმელებმა ვერაფერი შეცვალეს და დამარცხდნენ.
"ოლიმპში" 17 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო კორი ჰოლდენი. 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აკიეან ფრედერიკმა, ხოლო რეზო როგავას ანგარიშზე 14 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" 20 ქულითა და 6 ფპასით საუკეთესო იყო დეონტა ფრანკლინი. 15 ქულა ჯასტინ ბოგლიმ, ხოლო 14 კვან უოლერმა მიითვალეს. სრული სტატისტიკა
ვერა - ტიტები 49-62 (17-16/12-14/11-18/9-14)
სუპერლიგაში პირველი მარცხი განიცადა დებიუტანტმა "ვერამ". 2 გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა "ტიტებთან" წააგო. გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს შეხვედრა მიმდინარე სუპერლიგაში პირველი და იღბლიანი იყო. "ტიტებმა" ბრწყინვალედ ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით ვერელები 62:49 დაამარცხა.
პირველი ნახევარი თანაბარი იყო და ქულა-ქულაში წარიმართა. ვერელებმა საწყისი ათწუთეული 17:16 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 14:16 დათმეს და დიდი შესვენებისთვის ქულას აგებდნენ. მწირი ანგარიშის მიზეზი ორმხრივი შეცდომები და აცილებული ბურთები გახლდათ. ორივე გუნდს უჭირდა ქულების მოხვეჭა. დიდი შესვენების შემდეგ "ტიტებმა" დაცვა კიდევ უფრო გაამაგრა, მანამდე შედეგიან თემურ ბაბუნაშვილს ლიუკ მეიერმა და ტრისტინ უოლემაც წააშველეს ხელი და გამყრელიძის გუნდმა 10-ქულაინ უპირატესობას მიაღწია.
ბოლო პერიოდში ვერელებს ჰქონდათ ვითარების გამოსწორების შანსი, მეტოქეს ჩამორჩენა 5 ქულამდე შეუმცირეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში "ტიტების" მოთამაშეებმა გუნდური სულისკვეთება და მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. გამარჯვებულთაგან 18 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 16 ქულით გამოირჩა ლიუკ მეიერი, ბაბუნაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სრული სტატისტიკა
მატჩის მესამე და მეოთხე პერიოდებს შორის იუბილარი ვეტერანი კალათბურთელები დააჯილდოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დინამო თბილისის წევრი გია სანაძე 55 წლის გახდა. ხოლო "ვითას" შემადგენლობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ამროსი ორმოცაძე - 50-ის. სანაძე და ორმოცაძე მადლობის სიგელებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.
კაკტუსი - რუსთავი 73-86 (16-25/23-22/24-22/10-17)
სუპერლიგის მე-3 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "კაკტუსი" და "რუსთავი" შეხვდნენ. რუსთაველებმა დუდუ დადიანის მემორიალში წაგებისთვის კაკტუსელებს რევანში აუღეს. 7 ოქტომბერს ეს გუნდები დადიანის ხსოვნის ტურნირზე შეხვდნენ და კაკტუსელებმა რუსთაველები ნახევარფინალში არ შეუშვეს. გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა და საბოლოოდ 13 ქულით - 86:73 დაამარცხა.
შეხვედრა რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო. ქვემოქართლელებმა ლიდერობა დასაწყისში რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. კეცელიდისის გაწვრთნილი გუნდი საწყისი პერიოდის შემდეგ 9 ქულით იგებდა, თუმცა კაკტუსელები არ თმობდნენ და მომდევნო 2 მეოთხედის მცირე სხვაობით მოგების შემდეგ, ბოლო ათწუთეულის წინ, ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს.
გადამწყვეტ პერიოდში ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა რუსთველთა ლიდერობა 4 ქულამდე (69:65) შემცირდა. ბერძენმა სპეციალისტმა წუთშესვენება აიღო, მოედანზე დაბრუნებული მისი კალათბურთელები კი დიდებულად ათამაშდნენ. დენზელ ლივინგსტონის, საბა ლობჯანიძის, ნიკოლა ტადიჩისა და ოთო ფხაკაძის შედეგიანობით "რუათავის" ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და კაკტუსელებს თამაშის გადასარჩენად არც დრო შერჩათ და არც ძალა.
გამარჯვებულთაგან 13 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ოთო ფხაკაძე. ნიკოლა ტადიჩმა 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგტივა. საბა ლობჯანიძემ 14, ხოლო დენზელ ლივინგსტონმა 12 ქულა მიითვალეს. კაკტუსელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა დენზელ ევერეტმა. მატჩის სტატისტიკა
სატურნირო ცხრილი
ფოტო:კალათბურთის ფედერაციის





ჩვენ








