ექვსი ახალი მოთამაშით დადიანის ტურნირზე
ექვსი ახალი მოთამაშით დადიანის ტურნირზე
28.09.2017
ავტორი:

საკალათბურთო სეზონისთვის ემზადება ქუთაისის „ქუთაისიც". სეზონის დაწყებამდე, გუნდში სერიოზული ცვლილელბები მოხდა. ქუთაისელთა რიგები გიორგი ცინცაძემ, ანატოლი ბოისამ, ვახტანგ ქადარიამ, ზაურ ფაშაევმა, ლევან ცეკვავამ და დრაგან ტუბაკმა დატოვეს.


„სამაგიეროდ, მათ ნაცვლად დავიმატეთ დიმიტრი დვალიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი, ბექა წივწივაძე, გიორგი ცირეკიძე, ჩარლი ლი და რაითი. როგორც ხედავთ, გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა და შესაბამისად, შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება. თუმცა, დუდუ დადიანის გათამაშებაში ჩავერთვებით და ვეცდებით, სათანადოდაც ვიასპარეზოთ", - ამბობს „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში, TSFF.GE-სთან საუბარში.


საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დღეს, თურქეთის შეკრებიდან ბრუნდება. ქუთათურებმა თურქეთის I ლიგის გუნდებთან რამდენიმე სპარინგი გამართეს. მათ შორის ერთი, „ტრაბზონსპორის" მეორე გუნდთან მოიგეს.

განახლებული გუნდით, ქუთაისის „ქუთაისი" პირველად თბილისში, დუდუ დადიანის მემორიალზე იასპარეზებს. ქუთაისელები „ბ" ჯგუფში თამაშობენ და  ჯგუფურ შეხვედრებს „სოხუმთან" და „მარნეულთან" გამართავენ. დუდუ დადიანის მემორიალი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1-6 ოქტომბერს გაიმართება.