ბევრი სიახლე ახალი სეზონიდან
ბევრი სიახლე ახალი სეზონიდან
01.11.2019
ავტორი: თ.ჯ.

ხუთი ლიგა და თასი - ეს არის ფორმატი, რომლითაც 2019-2020 წლების სეზონის ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა აიღებს სტარტს. ახალი ტურნირი, 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნება. ესს, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, მინი ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატის - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთორმეტე იქნება.


ტურნირთან  დაკავშირებით, 31 ოქტომბერს, ახალი სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა ტრადიციული „რიტუალი", ამჯერად, სასტუმრო „ვინდამ გრანდში"  გაიმართა.


წლევანდელი ჩემპიონატი ხუთი სხვადასხვა ლიგის და თასის გათამაშების ფორმატში წარიმართება. ნოემბრიდან ასპარეზობას სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები დაიწყებენ, რომლებიც წრიული ეტაპის შემდეგ, ორ რაუნდიან პლეიოფში განაგრძობენ ბრძოლას. მომდევნო წლის აპრილიდან, ოთხივე ლიგის მონაწილეები თასის გათამაშებაში ჩაებმებიან. ასევე გაზაფხულიდან აიღებს სტარტს საკვალიფიკაციო ლიგის გათამაშება, სადაც დებიუტანტი გუნდები იასპარეზებენ.


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ახალ სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. სპორტული სააგენტო SBM და უნიქარდი, ლიგის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს ექსკლუზიურ ბარათს, სადაც მოთამაშეებს, მათ მიერ კონკრეტულ მატჩში გატანილი გოლის ან საგოლე პასის შედეგად გამომუშავებული ბონუსები დაერიცხებათ, რომლის განაღდებაც ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA"-ს ნებისმიერ მაღაზიაში შეეძლებათ. გარდა ამისა ამ ბარათის მფლობელები, JOMA-ს პროდუქციის შეძენისას, საწყისი 12%-იანი ფასდაკლებით და ფასდაკლების ზრდის სისტემით ისარგებლებენ. აღნიშნული ბარათი დამატებით აღჭურვილი იქნება უნიქარდის ბარათის ყველა ფუნქციით.


უკვე ტრადიციულად გათამაშდება პრიზი, ესპანური ლა ლიგის ორი ბილეთი + ავია ბილეთები, რომლის მფლობელიც მთელი სეზონის განმავლობაში ჯომას სპორტული ფეხსაცმლით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება. რაც შეეხება წინა სეზონის გამარჯვებულს, სფფ-ს ფეხბურთელი გიორგი რევაზიშვილი, 16 თებერვალს კამპ ნოუზე, „ბარსელონა"-„ხეტაფეს" მატჩს დაესწრება.


სახელობითი სპონსორი ეყოლება ლიგის თასის გათამაშებას. სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები „კავკასიის ავტოიმპორტის (CAI CUP) თასისთვის" იბრძოლებენ.


წელს ასევე პირველად, დასახელდება სეზონის საუკეთესო მოთამაშე. გოლს + პასის სისტემით, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი „კავკასიის ავტოიმპორტისგან"  FIAT 500 მარკის ავტომობილით დაჯილდოვდება.


მეთორმეტე სეზონის პირველი სათამაშო დღე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დილის 11 სთ-დან აიღებს სტარტს.


სუპერლიგის პირველ ტურში ერთმანეთს, პატრული- საქართველოს ფოსტა,  სფფ-არმია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მაესტრო და პსპ-შემოსავლების სამსახურის გუნდები დაუპირისპირდებიან.


ოქროს ლიგის სასტარტო შეხვედრებს, კროკობეთი-ვითიბი და აჭარაბეთი-სფფ გამართავენ.


ორ კვირაზე გადანაწილდება პირველი ტურის მატჩები ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგაში. 3 ნოემბერის მატჩებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ჰუავეი-ICR-ს,

საქართველს ბანკი - კავკასიის ავტოიმპორტი

ნაბეღლავი - მტკვარი ენერჯი

ბეთლაივი - დიპლომატ ჯორჯია