თსუ-ს პირველი მარცხი საკალათბურთო სუპერლიგაში
თსუ-ს პირველი მარცხი საკალათბურთო სუპერლიგაში
02.11.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისში 2 მატჩით გაგრძელდა.


"კაკტუსი" - "ბათუმი" 67 -85


პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კკტუსი და ბათუმი დაუპირსპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა, მეორეში კი სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოო შედეგიც ბათუმელთა იოლ გამარჯვებაზე მიუთითებს - 85:67.


მატჩის პირველ პერიოდში ლიდერი ვერ გამოიკვეთა. ათწუთეული ფრედ - 19:19 დასრულდა. ვითარება არც მეორე მეოთხედში შეცვლილა. ბათუმელები მცირედით ლიდერობდნენ, თუმცა კაკტუსის მოთმაშეები არ თმობდნენ და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე უპირატესობა მოიპოვეს და ნიკოლა ვუიოვიჩისა და ლევან მასხულიას მექულეობის ხარჯზე ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. პერიოდი ბათუმელებმა 10 ქულით - 21:11 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ.


კაკტუსს თამაშის გადარჩენის რესურსი აღარ შერჩა - თამაშისთვის განკუთვნილი დრო ისე ამოიწურა, ბათუმელთა ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. შეხვედრა ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა - გია კაზანჯიანის გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებს 20 ქულით და 12 მოხსნით ლევან მასხულიამ ულიდერა. 18 ქულა და 10 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზეა. კაკტუსში 16 ქულითა და 10 მოხსნით ჯასტინ ევერეტი გამოირჩა, 13 ქულა და 13 მოხსნა ზორან ვილოტიევიჩმა მიითვალა.


"ოლიმპი" - თსუ 89-76


დღეს დაგეგმილი სუპერლიგის მე-4 ტურის მეორე მატჩი დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ ტურამდე 3-დან 3 გამარჯვების მქონე თსუ-მ პირველი მარცხი განიცადა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ოლიმპმა დაამარცხა, რომელმაც სუპერლიგის გათამაშება 2 წაგებით დაიწყო და მომდევნო 2 მატჩში დაუმარცხებელია. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თსუ-ს წნეხს მოედანზეც და მის მიღმაც გაუძლეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის საქომაგოდ ათასზე მეტი სტუდენტი მოვიდა, რომლებმაც ოლიმპიური სასახლის ერთი მხარე მთლიანად შეავსეს და მთელი თამაშის განმავლობაში თსუ-ს მხურვალედ ქომაგობდნენ.


დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმი ოლიმპელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი დიდი ზეწოლის მიუხედავად მათ ჩინებულად ითამაშეს. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, ოლიმპმა თამაში დაალაგა. თსუ-ს სისწრაფეშიც აჰყვა და პერიმეტრიდანაც ზუსტად ესროდა. ეს უპირატესობა ანგარიშზე უმალ აისახა. მესამე ათწუთეული ოლიმპელებმა 28:16 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით გალიდერდნენ.


შეიჩერებელი იყო რეზო როგავა და ამერიკელი ლეგიონერები - აკიენ ფრედერიკი და კორი ჰოლდენი, რომლებსაც კარგად ავსებდნენ ოლიმპის მოედანზე მყოფი დანარჩენი კალათბურთელები. ჯაკობოვის გუნდის უპირატესობამ ბოლო პერიოდში 15 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც გაირკვა. ოლიმპელებმა საბოლოოდ 13 ქულით - 89:76 მოიგეს და 2-2 მოგებ-წაგებით ლიდერებში გაერიენ. გამარჯვებულებს 23 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით რეზო როგავამ ულიდერა. 14 ქულა და 7 პასი კორი ჰოლდენის ანგარიშზე დაგროვდა. 12-12 ქულა კახა ჯინჭარაძემ და დევიონ ტერნერმა მიითვალეს.



"რუსთავი" - "ქუთაისი" 69-72


სუპერლიგის მე-5 ტური დღეს რუსთავში დაიწყო. ქვემოქართლურმა გუნდმა, რომელმაც თავი საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა და დიდი ამბიციაც გააჩნია, ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 69:72 წააგო. მატჩის ბოლო წამზე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დენზელ ლივინგსტინმა მოედნის ცენტრიდან გამთანაბრებელი სამქულიანი რკალს გაარტყა და გამარჯვება იმერულ კლუბს დარჩა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის მე-4 მატჩში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. რუსთაველთა მონაგარი კი 1 მოგება და 2 მარცხია.


მასპინძლებმა შეხვედრა კარგად კი დაიწყეს და 22:15 დაწინაურდნენ, მაგრამ შედეგიანი თამაში ვეღარ გააგრძელეს, ქუთაისელებს თამაშის დალაგების საშუალება მისცეს და პირველი პერიოდი ფრედ - 22:22 დასრულდა. მეორე პერიოდიდან გუნდებმა დაცვა გაამაგრეს, შეცდომებმაც იმატა და ბურთიც იშვიათად ვარდებოდა. მეოთხედის საწყის 5-წუთეულში ანგარიში მხოლოდ 5 ქულით გაიზარდა - ქუთაისელებმა 3:2 იძალეს და 25:24 დაწინაურდნენ. 


პერიოდის ბოლომდე სტუმრებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს - ათწუთეული 12:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. რუსთაველებს თამაში არა და არ მისდიოდათ, რაც ქუთაისელთა მედგარი დაცვის დამსახურება გახლდათ. იმერული კლუბი როგორც პერიმეტრიდან, ისე საჯარიმოშიც ჯაბნიდა მეტოქეს და მესამე პერიოდის შუაწელში 16-ქულიან უპირატესობას მიაღწია.


აქედან დაიწყო რუსთაველთა ბრძოლა თამაშის გადასარჩენად, რომელიც ბოლო წამებამდე გაგრძელდა. ამერიკელი დენზელ ლივინგსტონისა და ოთო ფხაკაძის მექულეობით, რომლებსაც თანაგუნდელები ეხმარებოდნენ, მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ბოლო წუთზე შეტევის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ლივინგსტონის გამთანაბრებელი გარღვევა უშედეგო გამოდგა და ქუთაისელებმაც გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს. სირენის თანხლებით ნასროლი ზემოთნახსენები შორი სამქულიანი მიზანს ასცდა და ქუთაისელებიც 2 ქულით გაბრუნდნენ იმერეთში.


გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 14-14 ქულა შონ რაუნდთრიმ და მილოშ პაიოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველებს ლივინგსტონმა 24 ქულით ულიდერა, 12 ქულა კი ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა.


***


სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 3 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ვერა დინამოს შეხვდება, ტიტები - მგზავრებს.


კალათბურთის ფედერაციის ფოტო