
გოგა ბითაძე
გოგა ბითაძის პირველი ხმაურიანი მატჩი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ინდიანა პეიზერსის ქართველმა ცენტრმა კლივლენდთან ბრძოლაში - 102:95 (სტატისტიკა) მოგებულ მატჩში 24:54 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. 20 წლის ცენტრმა, რომელიც ინდიანელებმა დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანეს, კლივლენდთან მატჩში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა
ბითაძემ მშვენივრად გამოიყენა ცენტრის პოზიციაზე თავისი კონკურენტის, მაილს ტერნერის ტრავმით ბოძებული შანსი, რომელიც ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა წინა მატჩის დასაწყისშივე, ბრუკლინთან მიიღო. თუმცა იმ შეხვედრაში ბითაძე მხოლოდ 9 წუთი ათამაშეს, დღევანდელ მატჩში კი მწვრთნელებმა გუნდის ახალბედას დიდი ნდობა გამოუცხადეს და მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში თამაში არ დააწყებინეს, მოედანზე მთელი 25 წუთით გაიყვანეს და შედეგიც მოიმკეს. ბითაძე შესანიშნავი იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. 4 დაფარება ნბა-ში საკმაოდ მსუყე შედეგია და პლუს ამას, გოგამ 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
არანაკლებად მნიშვნელოვანი შედეგია ის 15 ქულა, რითაც ინდიანამ კლივლენდს აჯობა ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში. ამ კომპონენტში ქართველი ცენტრი ინდიანელთაგან საუკეთესო იყო. გოგამ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს მარკუს ბროგდონმა (25 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) და დომანტას საბონისმა (18 ქულა, 17 მოხსნა, 4 პასი) ულიდერეს. ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მყოფმა თი ჯეი ლიფმა მოედანზ 8 უქულო წუთი გაატარა, ჯერემი ლემბმა კი 21 ქულა და 10 მოხსნის სახით ინდიანელთა მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა.
სასტარტო წაგებების შემდეგ ინდიანა იუმჯობსებს შედეგებს. ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე აღწევდა. მომდევნო შეხვედრას ინდიანელები 4 ნოემბერს, შინაურ არენაზე "ჩიკაგოსთან" გამართავენ.

დუდა სანაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ოლივეირენშეს ქართველმა უკანახაზელმა სადებიუტო, 15-ქულიანი მატჩის შემდეგ მეორე შეხვედრა გამართა და თავის გუნდს გასვლით გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ოლივეირენშელებმა სტუმრად "ავეირო" 78:69 დაამარცხეს, სანაძე კი თავის გუნდში მეორე ვიცე-ბომბარდირი გახდა.
დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:31 წუთში 18 ქულა, 1 პასი და 1 ჩჭრა მოაგროვა. სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი კი მარკ ნორელიამ დააფიქსირა, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
5 ტურის შემდეგ 4 მოგებით ოლივეირენშე პირველ ადგილზეა, თუმცა ამ ტურის მატჩები მის დაუმარცხებელ კონკურენტებს - სპორტინგს და პორტოს სათამაშო აქვთ. მომდევნო შეხვედრას სანაძის გუნდი 9 ნოემბერს, შინ ვიტორიასთან გამართავს.

თორნიკე შენგელია
შენგელიას წინამძღოლობით ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის მე-6 ტურში 93:60 გაანადგურა გერმანულული ბაიერნი და ცხრილში მე-7 ადგილამდე აღზევდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც ევროლიგაში შეუჩერებელია.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:51 წუთი დაჰყო. თოკოს უკვე პირველ მეოთხედში 13 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი, შეხვედრა 19 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. თიორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.
შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. შენგელიას შემდეგ, მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.
მატჩის შემდეგ თორნიკემ კომენტარი გააკეთა: "ჩვენი ქომაგების თვალწინ ვთამაშობდით და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ. მიხარია, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ. ჩემთვის MVP-ს ტიტული პირველხარისხოვანი არაა. მთავარია, რომ გუნდმა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა და კარგი იქნება, თუკი ასე გავაგრძელებთ".
ბასკური კლუბი 3-3 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 ნოემბერს, სტუმრად, იტალიურ მილანთან ჩაატარებს.





ჩვენ








