შიო ხეცურიანი კალათბურთის ჩემპიონატის მსაჯებს შეხვდა
შიო ხეცურიანი კალათბურთის ჩემპიონატის მსაჯებს შეხვდა
28.09.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკალათბურთო წრეებთან შეხვედრას აგრძელებს.  ხეცურიანი, ამჯერად, საქართველოში აკრედიტებულ მსაჯთა კორპუსს შეხვდა და კალათბურთის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია გააცნო.

"მსაჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც კალათბურთში, ასევე სპორტის ნებისმიერ სახეობაში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აქტიურად დგას მსაჯობის პრობლემა. სტრატეგიის მომზადების პერიოდში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში ჩართულ ხალხთან და ფაქტობრივად, ყველამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მსაჯები დაასახელა. ძირითადი მიზეზი მსაჯების რაოდენობა და მონიტორინგის არქონაა. ორივე ფაქტორი გათვალისწინებულია ჩვენ 10-წლიან სტრატეგიაში. აღნიშნულზე და სხვა პრობლემებზე ვისაუბრეთ მსაჯებთან. მათი ჩართულობა აუცილებელი იქნება ჩვენი დასახული მიზნების მისაღწევად“, - ამბობს შიო ხეცურიანი.

შეგახსენებთ, შიო ხეცურიანი პირველია ვინც საკალათბურთო პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვა. ხეცურიანი, თანამოაზრეებთან ერთდ, საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს მართავს და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში

კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიას აცნობს. ბუნებრივია, მსაჯებთან შეხვედრისას ყველა სხვა დანარჩენ საკითხს, შორის ყურადღება უშუალოდ მსაჯთა კორპუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე გამახვილდა ყურადღება. ამ კუთხით, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს მიაჩნია, რომ მსაჯების დეფიციტის აღმოფხვრათან ერთად, აუცილებელია მათ პროგრესრებაზე ზრუნვაც.

შიო ხეცირიანის „კალათბურთის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაში“ ყურადღება სუპერლიგის მიმდინარეობაზე, მის დებულებაზე, კალათბურთელთა შრომით ხელშეკრულებების სრულყოფაზე, ბავშვთა და ქალთა კალათბურთში არსებულ პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადებაზე, კალათბურთის განვითარებასა და მხარდაჭერაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, არსებული ინფრაქსტრუქტურის გამართვაზე და ა.შ. არის აქცენტები გაკეთებული.

კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 2017 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ამ წუთისთვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოფიციალურად მხოლოდ შიო ხეცურიანს აქვს გამოთქმული.