თბილისის, „მსოფლიო თასს“ დაემშვიდობა, ბათუმი კი საჭადრაკო ოლიმპიადის მოლოდინშია
თბილისის, „მსოფლიო თასს“ დაემშვიდობა, ბათუმი კი საჭადრაკო ოლიმპიადის მოლოდინშია
28.09.2017
ავტორი:

ჭადრაკში, „მსოფლიო თასის" გათამაშების დახურვის ცერემონია და გამარჯვებულთა დაჯილდეობა, სასტუმრო „ბილტმორში", იმ დარბაზში გაიმართა, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა. დახურვის ცერემონიამ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა, რაც ორგანიზატორებმა იმ გარემოებით ახსნეს, რომ 27 სექტემბერი, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მძიმე დღეა და სოხუმის დაცემის დღეს, არც ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფს, არ აქვს მორალური უფლება, ღონისძიება, იმ ტრადიციული და სახელგანთქმული ქართული ცეკვითა და სიმღერით დაეგვირგვინებინათ, რაც საქართველოს ახასიათებს. ამას გარდა, დარბაზში მყოფებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპულ გმირებს.

„თბილისის მსოფლიო თასი" და შესაბამისად 120 000 დოლარი  კი, სომეხმა დიდოსტატმა ლევონ არონიანმა მოიგო. ეს, სომეხი დიდოსტატის, რიგით მეორე მსოფლიო თასია და მშვენიერი საჩუქარი ქორწილის წინ, რომელიც არონიანს 30 სექტემბერს აქვს დაგეგმილი. ლევონ არონიანმა ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.

შეგახსენებთ, რომ 2-28 სექტემბერის ჩათვლით, თბილისმა ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლა. თბილისში გამართული მსოფლიო თასი შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული იყო, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო ფიდე-ს საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 პოზიციაზე მყოფმა მოჭადრაკემ, რაც მანამდე საჭადრაკო ისტორიაში არ მომხდარა.

თბილისს სტუმრობდნენ ფიდე-ს რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვანათან ანანდი, ვესელინ ტოპალოვი, უესლი სო, ფაბიანო კაურანა, ჰიკარუ ნაკამურა. ორასამდე სპორტსმენს სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა. მსოფლიო თასიც იქვე გათამაშდა, ფინალური შეხვედრები კი სასტუმრო „ბილტმორის" ისტორიულ დარბაზში გაიმართა.

ჭადრაკის მსოფლიო თასის დასრულებით დასრულდა ის 13 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც წელს საქართველომ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში უმასპინძლა. აღნიშნულ სპორტულ ტურნირებში მონაწილეობა 70-მდე ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო.