
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, სენტ გალენში გამგზავრებამდე, გერმანიაში, დღეს საღამოს ბოლოჯერ ივარჯიშა. ბად ვურისჰოფენში საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად, მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს შანსი მიეცემა.
ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ, უახლოეს ორ თამაშში, ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ, ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია," - ამბობს ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც ოთხი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სენტ გალენში ხვალ დილით გაემგზავრება. მოგვიანებით კი, პროტოკოლით გათვალისწინებული მატჩისწინა პრეს-კონფერენცია და ვარჯიში გაიმართება. შეხვედრა, რომელიც 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.





ჩვენ








