მარტამდე ხვალინდელი დღეა
მარტამდე ხვალინდელი დღეა
14.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შვეიცარულ სენტ გალენში დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ევრო 202-ის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩამდე პრეს-კონფერენცია გამართა. პრესკონფერენციამდე, შვეიცარიელი ჟურნალისტები, დაჟინებით ცდილობდნენ გაერკვიათ, ალბათ, უფრო მათთვის გადამწყვეტ შეხვედრაში, რადგან არასასურველი შედეგის შემთხვევაში, შესაძლოა შვეიცარიელები, ჯგუფში ჩარჩნენ, ქართველები რა ტაქტიკით და „ლაინ აფით" ითამაშებდნენ. თუმცა, საქართველოდან, სენტ გალენში სპეციალურად ამ თამაშის გასაშუქებლად წასული სამი ქართველო ჟურნალისტი, ისევე არ გატყდა ქართველების „ჩანაფიქრის გასათქმელად", როგორც თავად ვლადიმირ ვაისი.


სამაგიეროდ, ქართველთა მწვრთნელს ჩვენს და რამდენიმე შვეიცარელი ჟურნალისტის შეკითხვაზე მოუხდა  პასუხის გაცემა.


„ჩვენ სამზადისი ამ თამაშისთვის გერმანიაში დავიწყეთ. პირველი სამი დღე კარგ კონდიციაში მოგვიხდა ვარჯიში, მაგრამ ბოლო დღეს, არ გაგვიმართლა, გაწვიმდა. ჩვენ ახლა, კარგ სტადიონზე და ფანტასტიურ საფარზე ვივარჯიშებთ. გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩში, ვაჩვენოთ კარგი თამაში.  კარგი ხარისხით და კარგი ორგანიზებით შეტევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელ დღეს არის ის, რომ ვანახოთ, მეტი ხარისხი შეტევაში.


შვეიცარია კარგად თამაშობს უკან, ვფიქრობ, რომ 3 მცველით ითამაშებს და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შეტევისას, ისე, როგორც ეს ბოლო სამ შეხვედრაში მოვახერხეთ.  ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად დანიასთან და ირლანდიასთან, როდესაც მატჩები ფრედ დასრულდა. თუმცა, გვინდა, გოლების გატანა, ხვალ ამიტომ კარგ შედეგზე უნდა ვიზრუნოთ" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.


საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხვალ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რამდენი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აკლია, კიდევ ერთხელ მოუწევს, თამაში. შესაძლოა დღეს, ბევრი, შვეიცარიასთან თბილისში, ჩატარებული „ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციოს პირველი შეხვედრის დროს, მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და აქედან გამომდინარე დამდგარ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, ვაისი თვლის, რომ ის თამაში უკვე წარსულია და მსაჯის შეფასებისგან, მნიშვნელოვანი მატჩის  წინ თავს შეიკავებს.


„შვეიცარია არ არის იმ პირობებში, როგორც ჩვენ. მათ კიდევ ერთ მატჩი დარჩებათ ჩასატარებელი, გიბრალტართან. ხვალ, როგორც ვთქვი, კარგი შედეგის მიღწევა გვინდა, ეს ნიშნავს, უნდა ფრედ ვითამაშოთ ან მოვიგოთ. ეს არ იქნება იოლი. ხვალ, ძლიერები უნდა ვიყოთ უფრო, ვიდრე ბოლო თამაშებში. ყველა თამაში იწყება 0-0-დან და არის შანსები 50/50-ზე. თამაშში ფავორიტი შვეიცარიაა", - ამბობს ვაისი.


ვლადიმირ ვაისი, მიმდინარე ციკლში, ლიდერი ევროპული დონის გუნდთან მოსაგებად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ ორქიაშვილის, ანანიძის და ტაბიძის გარეშე ითამაშებს. „ჩვენ არ ვართ საუკეთესო გუნდი ევროპაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სიურპრიზების გაკეთებაო", ამბობს ვაისი.  


ნაკრების მთავარი მწვრთნელი აქცენტებს მარტის თამაშებზე აკეთებს. თუმცა, მანამდე ქართველთა საზრუნავი ხვალინდელი თამაშია და კიდევ, 2019 წლის ბოლი შეხვედრა პულაში, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ის წევრები ითამაშებენ, რომლებიც სათადარიგო სკამზე თავიანთ შანსს ელოდებიანო.


„ბუნებრივია, მარტი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩემთვის ან ბიჭებისთვის, არამედ ფედერაციისთვის, მხარდამჭერებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული შანსი. ჩვენ ვაკვირდებით მაკედონიის, კოსოვოსა და ბელარუსის თამაშებს, მაგრამ ხვალ გვაქვს ევროპის ერთ-ერთ გამოცდილ გუნდთან თამაში, რომელსაც ჰყავს საუკეთესო მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი... ასე, რომ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს"- ამბობს ვაისი.  


ხვალინდელ დღეს, ვაისს, იძულებით ცვლილებების გაკეთება მოუხდა. შესაძლოა მასპინძლებს წამყვანი ფეხბურთელები აკლიათ, მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია უკეთეს დღეში. რამდენად ეყო ქართველთა გუნდს 3-დღიანი გერმანული შეკრება ეს სენტ გალენის მთავარ საფეხბურთო არენაზე გამოჩნდება.


„როგორც აღვნიშნე, რუსეთის ჩემპიონატზე ტაბიძე დაშავდა, მე იძულებული გავხდი გამეკეთებინა შეცვლა და რეხვიაშვილს დავუძახე. „უკან" გვყავს კიდევ ნავალოვსკი. ხვალ ვნახავთ, ვის დავაყენებ. ასევე გუნდში გამოვიძახე არაბული და პაპუნაშვილი. პაპუნაშვილის, ბოლო ერთი თვის მანძილზე ვერ იყო ისე ფიზიკურად მომზადებული, ოქტომბერში მან მთხოვა, რომ არ შემოუერთდებოდა ნაკრებს და კლუბთან ერთად ივარჯიშებდა. 90 წუთი არა, მაგრამ ვფიქრობ, ხვალ მასაც მიეცემა თამაშის შანსი. ის არის ერთ-ერთი ტალანტი ფეხბურთელი. არაბულს, საბერძნეთის ჩემპიონატზე გოლები გააქვს, მას 5 გოლი აქვს გატანილი ამ ბოლო დროს. არის კარგ ფორმაში... ქვილითაია, ლობჯანიძე, არაბული.. ვნახოთ, ამ სამი ბიჭიდან ამ თამაშებში რომელი გაამართლებს. მარტში ამ პოზიციის მოთამაშე იქნება ყველაზე მეტად საჭირო... ამ მომენტში ქვილითაიას საკლუბო პრაქტიკა აკლია. ის სკამზე ზის. მეორე თამაშობს ყაზახეთში და არც ეს არის მაღალი ევროპული დონე", - ამბობს ვაისი.  


საქართველოს ნაკრებში, თვლიან, რომ გუნდი ხვალინდელი თამაშისთვის, რომელიც მასპინძლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად კარგად  არის მომზადებული. ხვალ, ჩვენი გუნდისთვის მთავარი იქნება ქულა ავიღოთ, თუმცა, ვეცდებით მთელი 3 ქულა ავიღოთო.


აქვე, დავძენთ, რომ დღეს სენტ გალენ არენაზე, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მოკლე ვარჯიში ჩაატარა, ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი სითბო იყო - ანუ გვარიანად ციოდა, ხვალ კი, წვიმაა გამოცხადებული. მიუხედავად ამის, სენტ  გალენ არენაზე, რომელიც 18000 გულშემატკივარს იტევს, როგორც მასპინძლებმა გვითხრეს, ყველა ბილეთი გაყიდულია.


სპეციალურად სენტ-გალენიდან