„ზუგდიდის“ მეკარე თამაშის დაწყებამდე გარდაიცვალა
„ზუგდიდის“ მეკარე თამაშის დაწყებამდე გარდაიცვალა
01.10.2017
ავტორი:

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდის" 31 წლის მეკარე შოთა მამინაშვილი, დღეს, 1 ოქტომბერს, მცხეთა პარკზე გასამართი ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრის დაწყებამდე გარდაიცვალა. „ვიტ ჯორჯიასა" და „ზუგდიდს" შორის შეხვედრის დაწყებამდე 33 წუთით ადრე, როდესაც გუნდები „გახურებაზე" გამოდიოდნენ, ზუგდიდელთა მეკარე მინდორზე დაეცა. ფეხბურთელს, გუნდის ექიმმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რამდენიმე წუთში კი მას სასწრაფო დახმარების ბრიგადაც (რომელსაც თამაშზე უნდა ემორიგევა) წამოეშველა. სპორტსმენი რეანომობილით მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. თუმცა, ფეხბურთელის გადარჩენა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

„ვიტ ჯორჯიასა" და „ზუგდიდის" მატჩი ტრაგიკული შემთხვევის გამო გადაიდო.  ჩვენ, ვცდილობთ დეტალების დადგენას და ველოდებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. მანამდე კი TSFF.GE-ს სახელით მწუხარებას გამოვთქვავთ შოთა მამინაშვილის დაღუპვის გამო და მის ოჯახს, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდსა" და სამეგობროს ვთანაუგრძნობთ.

შოთა მამინაშვილი, ბათუმში, 1986 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ფეხბურთელის ოჯახში. 2011-2013 წწ - ბათუმის „დინამოში" თამაშობდა (24 მატჩი). 2013-2014 წწ ხელვაჩაურის „მაჭახელაში" (18 მატჩი) , 2014-2016 წწ კვლავ ბათუმის „დინამოში" (17 მატჩი) დაბრუნდა, 2016 წელს ირიცხებოდა ქობულეთის „შუქურაში". 2017 წლიდან კი „ზუგდიდშია", სადაც 11 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.