დინამო თბილისის საკვირაო სკოლა
დინამო თბილისის საკვირაო სკოლა
22.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" აკადემიაში ახლა სამზადისია. ახალი სივრცე, რომელიც ერთ დროს საჩოგბურთო კორტი იყო, უკვე, საფეხბურთო ხალიჩით ჩანაცვლდა, გარემონტდა ტრიბუნა და ახალი სიცოცხლისთვის ემზადება.  სწორედ, ამ სივრცეში დეკემბრიდან „დინამო თბილისის" საკვირაო სკოლა ამოქმედდება.


„თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი ბავშვი, ვისაც სურვილი აქვს იაროს ფეხბურთზე. იაროს „დინამოს აკადემიაში". თუმცა, სკოლისა და მშობლების გადატვირთული გრაფიკის გამო, ამის გაკეთებას, სამუშაო დღეებში ვერ ახერხებენ. იმისთვის, რომ ბავშებმა ისწავლონ ფეხბურთი, მათი ხელშეწყობის მიზნით გადავწყვიტეთ „დინამოს აკადემიაში", 6-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის გაგვეხსნა საკვირაო სკოლა, სადაც კლასები, ფეხბურთის სწავლის მსურველი მოზარდები, ბიჭები და გოგონები უქმეებზე, შეძლებენ ვარჯიშსა და იმ უნარ-ჩვევების დაუფლებას, რასაც სპეციალურად მათთვის შერჩეული პროგრამის მიხედვით, ჩვენი აკადემიის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მიაწვდიან", - აღნიშნა ზაზა დოლიძემ, სკ „დინამო თბილისის" გენერალურმა დირექტორმა, tsff.ge- სთან საუბარში.


ისევე, როგორც ბევრ სხვა წამოწყებაში, „დინამო თბილისი" ამ საქმეშიც ნოვატორი გამოდგა. სკოლაში სწავლა ფასიანია და გადასახადი თვეში 150 ლარი იქნება. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს კვირაში 2, თვეში კი  8 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. აღსანიშნავია, რომ სწავლების პარალელურად, აკადემიის მწვრთნელები პატარა ფეხბურთელებს დააკვირდებიან და ტალანტის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ „დინამოს აკადემიაში" დააწინაურებენ.


კიდევ ერთი დეტალი, მას შემდეგ, რაც საქართველოში გოგონებმა დაიწყეს ფეხბურთის თამაში და ქვეყანაში ქალთა მეოთხე ჩემპიონატი დაარსდა, ბევრ მშობელს აინტერესებდა, იყო თუ არა „დინამოს აკადემიაში" გოგონათა გუნდები. შესაბამისად, „დინამო თბილისის" საკვირაო სკოლა, ამ კატეგორიის მშობლებსაც დააკმაყოფილებს და ისევე, როგორც ბიჭებს, გოგონებსაც 6-დან 10 წლის ასაკში შეეძლებათ, მათთვის საყვარელი სპორტის სახეობა შეისწავლონ. თუკი, „დინამოს აკადემიის" სამწვრთნელო შტაბი ბიჭებს აკადემიაში დააწინაურებს, ნიჭიერი  გოგონებისთვისაც, საკვირაო სკოლი იდეის ავტორებმა გათვლები გააკეთეს. ნიჭიერ გოგონებს შერეული ჯგუფიდან, გოგონათა სპეციალიზებულ ჯგუფებში გადაიყვანენ. თუმცა, ამ და სხვა სიახლეებზე, ჩვენ უკვე მომდევნო სტატიებში დავუბრუნდებით.


დინამო თბილისის საკვირაო სკოლა