სუპრელიგის მე-7 ტური რუსთავმა ბათუმის ძლევით დახურა
სუპრელიგის მე-7 ტური რუსთავმა ბათუმის ძლევით დახურა
24.11.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

"ქუთაისი" - "მგზავრები" 87-77


სუპერლიგის მე-7 ტური დღეს ქუთაისში დაიწყო. იმერეთის დედაქალაქში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ "მგზავრები" ჩავიდა, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა და დღევანდელი მატჩის შემდეგ ასეც დარჩა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" მძლავრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ იმხელა უპირატესობა შეიქმნა, რომ გამარჯვებამდე მისვლა არ გასჭირვებია. მატჩი ქუთაისელებმა 87:77 მოიგეს და მიმდინარე სუპერლიგაში გამართული მე-6 მატჩში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.


თამაშის დებიუტშივე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ჯეიმს მილიკენის ლიდერობით ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 25:13 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და სწრაფი კონტრშეტევებით, რასაც ზუსტ შორ სროლებსაც უნაცვლებდნენ, დიდი უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი 55:30 იგებდა და გამარჯვებაც ფაქტობრივად განაღდებული ჰქონდა.


მართალია, "მგზავრებმა" თამაში გამოასწორა და მომდევნო ორივე პერიოდი - შესაბამისად 27:16 და 20:16 მოიგო, მაგრამ თამაშის შემოტრიალებას ეს არ ეყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 მატჩი წააგო და დაკარგული ქულებით ჯერჯერობით ბოლო ადგილზე იმყოფება.


გამარჯვებულებს 31 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით ჯეიმს მილიკენმა ულიდერა. 14 ქულა დააგროვა შონ რაუნდთრიმ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. "მგზავრებში" 20 ქულით საუკეთესო იყო დარელ ქომსბი, 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ტაჯ სპენსერის ანგარიშზე დაგროვდა.


"ტიტები" - თსუ 66-85


სუპერლიგის მე-7 ტურის რიგით მეორე შეხვედრა დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს დაკარგული ქულებით ლიდერი გუნდები - "თსუ" და "ტიტები" შეხვდნენ. ორივე მათგანს მიმდინარე ჩემპიონატში 2 მარცხი ჰქონდა, შესაბამისად, გამარჯვებული ცხრილში დაწინაურდებოდა და ლიდერობას გაიმყარებდა. შეხვედრა ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორც სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით ივარაუდებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა 19 ქულის სხვაობით - 85:66 დაამარცხეს ლაშა გამყრელიძის "ტიტები" და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გამყარდნენ.


მატჩი უნივერსიტეტელთა გაქცევით დაიწყო. 4 წუთის შემდეგ თსუ 19:4 იგებდა და ტიტების მწვრთნელმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. ამან ვითარება ოდნავ კი გამოასწორა, თუმცა უნივერსიტეტელებმა სწრაფ კონტრშეტევებზე აწყობილი თამაში კვლავ განაგრძეს და იმ კომფორტულ უპირატესობას, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვეს, არ თმობდნენ. თსუ ბურთს სწრაფად ათამაშებდა როგორც მთელს მოედანზე, ისე პერიმეტრზე, რისი წყალობითაც სასროლ პოზიციებზე დარჩენილი კალათბურთელები - სანდრო სანაძე, დევიდ მაკფარლანდი და რიკი მედისონი მიზანში არტყამდნენ და უნივერსიტეტელებმა დიდი შესვენებისთვის 23-ქულიანი ლიდერობა გაიფორმეს - 49:26.


მესამე პერიოდიდან "ტიტებმა" თამაში გამოაკეთა, თუმცა იმდენად ვერა, რომ მოედანზე ვითარება რადიკალურად შეეცვალა. რიჩარდ მათიაშვილისა და ტრისტინ უოლეს შედეგიანობით პერიოდის მიწურულს გამყრელიძის გუნდმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, თუმცა სირენის თანხლებით დევიდ მაკფარლანდმა სამქულიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდს თსუ 13-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.


დასკვნით მეოთხედში თსუ-მ დაცვა გაამაგრა და მეტოქეს ყველა მცდელობა, თამაში შემოებრუნებინა, გაუქარწყლა. უნივერსიტეტელები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ და მიმდინარე სუპერლიგაში 7 მატჩში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს. მდევარ "ბათუმს" 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-7 ტურის მატჩს ხვალ, რუსთავში, ადგილობრივ გუნდთან ითამაშებს.


თსუ-ში 19 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი, თუმცა ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 10 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა. რიკი მედისონმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო სანდრო სანაძემ - 13. "ტიტებში" 19 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 15 ქულა და 7 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.


"ცხუმ-აფხაზეთი" - "დინამო" 83-88


სუპერლიგის მე-7 ტურის მორიგი მატჩი ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა "დინამო თბილისმა" "ცხუმ-აფხაზეთი" 5 ქულის სხვაობით - 88:83 დაამარცხა. შეხვედრა დინამოელთა ლიდერობით მიმდინარეობდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა ცხუმელებს და კარგად დაწყებული საქმე გამარჯვებით დააგვირგვინა.


პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:13 მოიგეს და უპირატესობა დიდ შესვენებამდე კიდევ ქულით გაზარდეს. ლუკა ბულაშვილის, ტაილერ უოლერისა და სედრიკ ქაუნსილის წინამძღოლობით თბილისელებს შეტევაში პრობლემები არ ჰქონიათ, რის ხარჯზეც პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით იგებდნენ. დიდი შესვენების შემდეგ ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა თამაში გამოასწორეს და კვან უოლერის მექულეობით ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. 


კრიტიკულ მომენტში დინამოელები მაგრად დადგნენ. დაცვის ხარჯზე მათ მოახერხეს ცხუმელთა შეტევებისაგან თავდაცვა და ბოლო პერიოდში ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ანთაძის გუნდს ძალა არ ეყო, რომ თამაში შემოებრუნებინა და მიმდინარე სუპერლიგაში 3 მოგების წილ მე-3 მარცხი განიცადა. ხოლო "დინამო" 4 მოგებითა და 2 მარცხით "ბათუმს" მეორე პოზიციაზე გაუთანაბრდა.


"დინამოს" 24 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 22 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა სედრიკ ქაუნსილს, ხოლო ტაილერ უილიამსმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ცხუმ-აფხაზეთში ერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს და ის გახლდათ 36 ქულის მომხვეჭი კვან უოლერი.


"ვერა" - "ოლიმპი" 73-82


სუპერლიგის მე-7 ტურის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ოლიმპი" და "ვერა" შეხვდნენ, დასრულდა. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და დიმიტრი ვაჭარაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 9-ქულიანი, თუმცა გაუსაჩივრებელი გამარჯვება მოიპოვეს და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაიგრძელეს. 



არადა, "ოლიმპმა" ჩემპიონატი 2 მარცხით დაიწყო და ცხრილის ფსკერზეც გახლდათ, დღეს კი, 4 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერთა შორისაა. ანალოგიური შედეგი აქვს "დინამოს" და "ბათუმს", ხოლო პირველზე მყოფ თსუ-ს 5 მოგების წილ 2 წაგება გააჩნია.


პირველი ტაიმი მწირექულიანი გამოდგა: ოლიმპელებმა 36:30 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდიდან სამიზნე გაისწორეს და ძირითადად 3-ქულიანების ხარჯზე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს. მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე მეტი - 13 სამიანი აქამდე "ქუთაისმა" (თსუ-ს წინააღმდეგ) ჩააგდო, ოლიმპელებმა კი დღეს ვერელებს 15 სამქულიანი ჩაუგდეს, რითაც ახლოსაც არ მიიკარეს. თავად "ვერასაც" არ უსვრია ცუდად - პერიმეტრიდან 10-ჯერ რიხეირა, თუმცა კორი ჰოლდენის, დევიონ ტერნერის, რეზო როგავას, კახა ჯინჭარაძის და აკაკი ფიფიას ჯამურად მითვლილი 15 სამქულიანს რას გადაფარავდნენ.


მთლიანობაში, ოლიმპმა ძალიან სწრაფი და გააზრებული კალათბურთი ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. გუნდს 23 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 12 ქულა კორი ჰოლდენმა, ხოლო 11-11 - დევიონ ტერნერმა და რეზო როგავამ მიითვალეს. "ვერაში" 16 ქულითა და 10 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა, 14 ქულა და 7 მოხსნა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.



"რუსთავი" - "ბათუმი" 100-89


სუპერლიგის მე-7 ტური რუსთავში დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილი "რუსთავი" და გია კაზანჯიანის "ბათუმი" შეხვდნენ. ზღვისპირელებს აქამდე მიჯრით 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერთა შორის იყვნენ, რუსთაველებს კი მიუხედავად მძლავრი შემადგენლობისა, 6 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება ჰქონდათ და ეს მატჩი მათთვის დიდი გამოცდა იყო.

 


ქვემოქართლელებმა გამოწვევას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავს" ძირითადი გამთამაშებელი, ოთარ ფხაკაძე აკლდა, კეცელიდისის გუნდმა ბათუმელებთან დაპირისპირებას მშვენივრად გაართვა თავი და უპირატესობა, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვა, თამაშის ბოლომდე არ დაუთმია.


პირველი პერიოდი რუსთაველებმა 26:16 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს. მასპინძელთა წარმატების მიზეზი იყო შედეგიანი თამაში როგორც უკანა, ისე - წინა ხაზში. განსაკუთრებით შედეგიანი იყო რუსთაველთა უკანა ხაზი. მერაბ ბოქოლიშვილმა მშვენივრად გაართვა თავი გამთამაშებლის ფუნქციებს და ბურთის გათამაშებასთან ერთად და უკეთესადაც, მეტოქის კალათს უტევდა. ბოქოლიშვილმა სამქულიანებიც ჩააგდო, ორიანებიც და როცა მის სიზუსტეს წინახაზელების - ილია ლონდარიძის, ნიკოლა ტადიჩის და შეცვლაზე შემოსული აკაკი დვალიშვილის შედეგიანობაც დაერთო, "რუსთავი" შეუჩერებელი გახდა.


მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა - 50:39. ამის შემდეგ დაიწყო ბათუმელების ეგრედწოდებული კარტბლანში, რაც პრესინგისა და სამქულიანი სროლების მონაცვლეობაში გამოიხატებოდა. რეზო ჩაჩანიძის, ჯუნიუს პროველისა და  კოლინ მალკოლმის შედეგიანობით ბათუმელებმა ბოლო პერიოდში 10 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა ყველაფერს ნიკოლა ტადიჩისა 2 და საბა ლობჯანიძის ერთმა სამქულიანმა დაუსვა წერტილი. რუსთაველეთა უპირატესობა 15 ქულას ასცდა და ზღვისპირელებს თამაშის გადარჩენის არც დრო შერჩათ და არც რესურსი.


ქვემოქართლურმა გუნდმა საბოლოოდ 100:89 გაიმარჯვა, რაშიც უმეტესი წილი ნიკოლა ტადიჩმა დაიდო. სერბი ცენტრ-ფორვარდის ანგარიშზე 18 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 20 ქულა და 5 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა. 15 ქულა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო 14 - მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვეს. "ბათუმში" 21 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუნიუს პროველი, რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა. 


სუპერლიგის მე-7 ტური 29 და 30 ნოემბერს, ასევე 1 დეკემბერს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი