ქართული საკალათბურთ ლეგიონის ამბები
ქართული საკალათბურთ ლეგიონის ამბები
24.11.2019
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინი

გიორგი შერმადინის მორიგი დიდებული გარჯა ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველი ცენტრის ლიდერობით "ტენერიფე იბეროსტარმა" "რეალ ბეტისი" დაძაბულ ბრძოლაში - 94:89 დაამარცხა. შერმადინის მონაგარი იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხომ გახდა და ტურის MVP-ის ტიტულის მაძიებელიცაა.

შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (37:23) ხარჯზე ბეტისი 94:89 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა კი 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და თუკი დარჩენილ თამაშებში მისი შედეგი ვერავინ გააუმჯობესა, ტურის MVP-ს ტიტულსაც მიიღებს.

იბეროსტარ ტენერიფეს 10 ტურში 6 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 1 დეკემბერს, სტუმრად, ბარსელონასთან ჩაატარებს.




სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი


ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" და გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა". ორივე გუნდი მოწინავე დონის კონფერენციებში ასპარეზობენ - სეტონ ჰოლი Big East-ში, ხოლო ილინოისი Big Ten-ში. მამუკელაშვილის გუნდმა ფლორიდის A&M რათლერსი 87:51 გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში, მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და ეს გახლდათ მისი ყველაზე უხეირო მატჩი მიმდინარე სეზონში. სანდრომ 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა, 6 ცდიდან მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო.


სეტონ ჰოლი 4 მოგებითა და 1 მარცხით Big East-ის კონფერენციაში 5-6 ადგილებს "ვილანოვასთან" იყოფს. 


გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" კი კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც "ჰემპტონი" 120:71 გაანადგურა. ბეჟანიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ილინოისელებს 5 მოგების წილ მხოლოდ 1 მარცხი აქვთ და Big Ten-ის უმძლავრეს კონფერენციაში მე-6 ადგილი უკავიათ. მის წინ დაუმარცხებელი 5 გუნდია. შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ლიგაში ჯერჯერობით არასაკონფერენციო თამაშები მიმდინარებს და დეკემბერის შუა რიცხვებიდან დაიწყება შიდასაკონფერენციო ჩემპიონატები.




დუდა სანაძე


დუდა სანაძის ზეშედეგიანი თამაში პორტუგალიაში. "ოლივეირენშეს" ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო მატჩი "მადეირასთან" ითამაშა. ოლივეირენშელებმა მეტოქეს 97:83 მოუგეს, სანაძე კი 29 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.


დუდა ტრადიციულად სასარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:08 წუთი გაატარა. ამ დროში სანაძემ 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა ვურთი ერთადერთხელ დაკარგა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 


7 მოგებითა და 1 მარცხით სანაძის გუნდი "სპორტინგთან" 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 29 ნოემბერს, "ოლივეირენშე" პირველ ადგილზე 8 მოგებით მყოფ "პორტოს" დაუპირისპირდება.