
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში მასსავით ევროლიგაში მოთამაშე ვალენსიას 85:74 სძლია, ქართველი ლეგიონერი კი ტრადიციულად სარგებლიანად გაისარჯა. შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 33:20 მოიგეს.
ქართელი ფორვარდი ბასკონიელთა გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და 33:06 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკონიას 5-5 მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან ჩაატარებს.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა. ტენერიფე იბეროსტარის ქართველმა ცენტრმა რეალ ბეტისის წინააღმდეგ ზეშედეგიანად ითამაშა, მისი მონაგარი კი მე-10 ტურის მატჩებში ვერავინ გადაფარა და შერმადინიც დამსახურებულად გახდა MVP.
შეგახსენებთ შერმადინის მონაგარს. ტენერიფეს ცენტრმა რეალ ბეტისთან 94:89 მოგებულ მატჩში 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და მოგვიანებით, ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულსაც დაეუფლა.





ჩვენ








