
„ცხუმ-აფხაზეთი" - თსუ 74-85
საკალათბურთო სუპერლიგის ლიდერმა თსუ-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მძიმე სტარტის მიუხედავდ "ცხუმ-აფხაზეთი" დამაჯერებლად - 85:74 დაამარცხეს და მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. დაკარგული ქულებით თსუ-ს "ოლიმპი" უთანაბრდება (ორივეს 2 მატჩი აქვთ წაგებული), თუმცა ოლიმპელებს 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
არადა, მატჩი "ცხუმ-აფხაზეთის" დამაჯერებელი ლიდერობით დაიწყო. ზვიად ანთაძის გაწვრთნილი გუნდი დებიუტში 13:2 დაწინაურდა, შემდეგ კი 19:5 იგებდა. დეონტა ფრანკლინის სწრაფ გარღვევებს უნივერსიტეტელები ვერაფერს უხერხებდნენ, თუმცა მოგვიანებით დაცვა გაამაგრეს და შესაბამისად, თამაშიც დაალაგეს.
რაკი მეტოქის სწრაფი კონტრშეტევები აღკვეთეს, თსუ-მ "ცხუმ-აფხაზეთს" მეთოდურად შეუტია. ჯერ მეტოქის ფარქვეშ გამაგრდა, რაც 2 გიორგის - ტურძილაძისა და კორსანტიას დომინირებაში გამოიხატა, ხოლო როცა უკანა ხაზიდან ლუკა ზაქრაძისა და კრისტოფერ ანდერსონის გამოზომილი პას-ქულებიც წაეშველათ, თსუ-ელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე გააბათილეს. თუმცა დიდ შესვენებაზე ლიდერად მაინც "ცხუმ-აფხაზეთი" გავიდა, რომელიც 34:30 იგებდა, მაგრამ მესამე პერიოდიდან თსუ ჩვეულად ამოქმედდა, ანთაძის გუნდის წევრებს კი დაღლა დაეტყოთ და პერიოდის შუაწელში ანგარიშიც გათანაბრდა.
მესამე პერიოდი თსუ-ელებმა 28:15 მოიგეს და თამაშში გარდატეხა შეიტანეს. მალე ლაფანაშვილის გუნდის ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია და თამაშიც ისე ჩამთავრდა, "ცხუმ-აფხაზეთს" მოგების რეალური შანსი არ მისცემია. უნივერსიტეტელბს 26 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი ტურძილაძემ ულიდერა. 16 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა გიორგი ტურძილაძეს. "ცხუმ-აფხაზეთში" 29 ქულით საუკეთესო იყო დეონტა ფრანკლინი, ხოლო გიორგი შარაბიძემ 14 ქულა მიითვალა.
„ტიტები" - „კაკტუსი" 67-69
სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგი შეხვედრა, რომელშიც "ტიტები" "კაკტუსს" შეხვდა, დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო და ის საბოლოოდ კაკტუსელთა 2-ქულიანი გამარჯვებით - 69:67 დასრულდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა "ტიტებმა" ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და ნოემბრის დასაწყისში ლიდერთა შორის მყოფი ცხრილში მნიშვნელოვნად დაქვეითდა. "კაკტუსი" კი ამ გამარჯვებით სწორედ "ტიტებს" (და რუსთავს) გაუთანაბრდა და ისედაც დაძაბული მიმდინარე სუპერლიგის ცხრილმა კიდევ უფრო მჭიდრო სახე მიიღო.
პირველი პერიოდი ფრედ - 16:16 დასრულდა. თავად განსაჯეთ, ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 9-ჯერ დაფიქსირდა. დიდი შესვენებისთვის კაკტუსელები 1 ქულით იგებდნენ, ხოლო მესამე პერიოდში მცირედით "ტიტებმა" იძალეს და ახალი ლეგიონერის, კორი სპენსის წინამძღოლობით 2-ქულიან ლიდერობას უწიეს - 54:52.
ბოლო მეოთხედშიც თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლუკ მეიერის ზედიზედ ჩაგდებული 2 სამქულიანის წყალობით "ტიტები" 65:61 დაწინაურდა, რასაც კაკტუსელთა წუთშესვენება და კვლავ ბრძოლაში დაბრუნება მოჰყვა. ლევან ლოლიშვილისა და ლევან გოგალაძის შედეგიანობას ბრაიან ულიამსის ზუსტი გარღვევაც დაერთო და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე უკვე "კაკტუსი" გალიდერდა - 68:67.
"ტიტებს" თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა კორი სპენსმა ჯერ ორქულიანი ააცილა, ხოლო დაცვაში მოპოვებული ბურთის შემდეგ მანვე საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანი გააცუდა. ბურთი "კაკტუსის" ამერიკელმა ლეგიონერმა ჯასტინ ევერეტმა მოხსნა. "ტიტებს" მოგების იმედი ბესიჯ ლეჟავას ტექნიკურების შემდეგ გადაეწურა, რომელიც გუნდის კაპიტანმა მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას ის გამო მიიღო. ბრაიან უილიამსმა პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი ააცილა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 69:67.
კაკტუსელთაგან 23 ქულით ბომბარდირი ჯასტინ ევერეტი გახდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 19 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ბრაიან უილიამსმა დააფიქსირა. 7 ქულა და 11 მოხსნა ზორან ვილოტიევიჩის ანგარიშზე დაგროვდა. "ტიტებში" 18 ქულით ახალწვეული კორი სპენსი გამოირჩა, ხოლო ტრისტინ უოლემ 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
„მგზავრები" - „დინამო" 111-70
სუპერლიგაში ბოლო ადგილზე მყოფმა "მგზავრებმა" საჩემპიონო ამბიციის და დაკარგული ქულებით მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "დინამო" 41 ქულით გაანადგურა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მუჰამედ ტაჩის გუნდს ისე მოუგო, შანსი არ მიუცია. რთულია, ასეთი იოლი გამარჯვების მიზეზად იის 2 კალათბურთელი დავასახელოთ, რომლებსაც "მგზავრებში" ამ მატჩში დებიუტი ჰქონდათ, თუმცა ფაქტია - ლოველ ქაბილმა 22, ხოლო ჯოზეფ როკამ 19 ქულა მიითვალეს და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
პირველი პერიოდი ფრედ - 23:23 დასრულდა. ქაბილმა 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო წარმატებული თამაში მეორე პერიოდშიც გააგრძელა. მას ეხმარებოდა ტაჯ სპენსერი, რომელიც საბოლოოდ 22 ქულით ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია კოტე ბიწაძისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობაც, რომლებმაც საკუთარ მოვალეობებს ფრიადზე გაართვეს თავი და მესამე პერიოდში "მგზავრების" ლიდერობამ 25 ქულას მიაღწია.
ჩინებულად გაისარჯა კანადელი ახალწვეული ჯოზეფ როკა, რომელმაც "მგზავრების" ისედაც სწრაფ უკანა ხაზს მობილურობა შემატა. როკამ თავადაც ბლომად ქულები ჩააგდო და არც პასები დაუგვიანებია თანაგუნდელთათვის. ბერიშვილის გუნდის უპირატესობამ ბოლო პერიოდში 30 ქულას მიაღწია და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა. დინამოელთა მწვრთნელმა ბოლო 7 წუთში მოედანზე გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეები გაიყვანა და "მგზავრემა" ლიდერობა რეკორდულ 41 ქულამდე გაზარდეს - 111:70. მიმდინარე სეზონში არც 111 ქულა ჩაუგდია ვინმეს და არც 41-ქულიანი სხვაობა დაფიქსირებულა.
"მგზავრებმა" მინდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით "კაკტუსს" გაუთანაბრდა, რომელიც დღეს მომდევნო მატჩში "ტიტებს" დაუპირისპირდება.
„ქუთაისი" - „ბათუმი" 75-69
სუპერლიგის მე-9 ტური დღეს ქუთაისში, დასავლური დერბით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გია კაზანჯიანის "ბათუმსს" უმასპინძლეს და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. აჭარული გუნდი ამ მატჩამდე 5 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილში მე-2 ადგილზე იყო, ქუთაისელებს კი 7 მატჩიდან 3 მოგება გქონდათ და წაგების შემთხვევაში საქმეს ირთულებდნენ.
საკმაოდ დაძაბული, თანაბარი და საინტერესო მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით - 75:69 დასრულდა, რითაც იმერულმა კლუბმა მოგებ-წაგებები გაითანაბრა (4-4) და სუპერლიგის ლიდერებს მიუახლოვდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში, დასკვნით წუთებზე გადაწყდა. მანამდე კი ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მცირედით ხან ქუთაისი ლიდერობდა, იშვიათად კი აჭარლები დაწინაურდებოდნენ ხოლმე.
მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ქუთაისელებმა შედეგიანობა გამოავლინეს და ჯეიმს მილიკანის, შონ რაუნდთრის, ბექა ბექაურისა და გიორგი ბარბაქაძის მიჯრით ჩაგდებული ქულებით 69:63 დაწინაურდნენ. კოლინ მალკოლმმა და ლევან მასხულიამ ბათუმელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირაეს, თუმცა მატჩის ბედი ჯეიმს მილიკენმა გადაწყვიტა, რომელმაც ჯერ ორქულიანი, შემდეგ შეტევაში კი სამიანიც ჩააგდო - "ქუთაისი" 74:67 დააწინაურა და ბათუმელებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ შერჩათ.
გამარჯვებულთაგან 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. ბომბარდირი 19 ქულით ჯეიმს მილიკენი გახდა. 16 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო 14 - შონ რაუნდთრიმ. "ბათუმში" 19 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კოლინ მალკოლმი. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს. ნიკოლა ვუიოვიჩმა მატჩი 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.
***
სატურნირო ცხრილი
მე-9 ტურის ბოლო მატჩი ხვალ ქვემო ქართლში გაიმართება. "რუსთავი" "ოლიმპს" უმასპინძლებს, შეხვედრა "ქიმიკოსთა" დარბაზში 18:30 საათზე გაიმართება.





ჩვენ








