ნიკა ცქიტიშვილმა და ილიას ზუროსმა ილაპარაკეს
ნიკა ცქიტიშვილმა და ილიას ზუროსმა ილაპარაკეს
03.10.2017
ავტორი:

ნიკა ცქიტიშვილი, რომელიც საქართველოში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს" დასახმარებლად ჩამოვიდა, სავარაუდოდ კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ცქიტიშვილთან მოსალაპარაკებლად, საქართველოში ჩინური კლუბის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. უახლოეს დღეებში ნიკა, კლუბთანაც გააფორმებს ხელშეკრულებას. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში კი საქართველოდან შორს, ჩინეთში გაემგზავრება. ჩინურ კლუბთან საკონტრაქტო პირობებზე და ვადებზე ქართველი კალათბურთელი ჯერ არ საუბრობს, ამბობს, მხოლოდ იმას, რომ ჩემპიონატი დეკემბერში იწყება და გამგზავრებამდე ვარჯიშს საქართველოში გააგრძელებს.

„ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ნაკრებში თამაშის სურვული მაქვს. ადრე იყო პრობლემები. დღეს ზუროსთანაც ამ თემაზე ვისაუბრეთ. მკითხა, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხელის ტრავმის შესახებაც გამომკითხა. ვერ გეტყვით გამომიძახებს თუ არა ნაკრებში, მაგრამ მე მზად ვარ ვითამაშო. საქმე, შესაძლოა, მხოლოდ იმის გამო გართულდეს, რომ არ ვიცი, ჩინეთში ჩასულს უკან რამდენად გამომიშვებენ. ჩემის მხრივ, შევეცდები, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას ჩემს აგენტსაც და კლუბსაც ავუხსნა და დავარწმუნო, ჩემი ნაკრებში ყოფნის აუცილებლობა. არ ვიცი, ეს რამდენად გამოვა" - ამბობს ნიკა ცქიტიშვილი.  

 

შეგახსენებთ, რომ BCL-ზე, თბილისის „დინამოს" თამაშამდე, ნიკა ცქიტიშვილმა, ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "ვიდრე თამაშობ, შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება, ყველას ოცნებაა. შარშან, მქონდა შემოთავაზება, რასაც ძალიან ვაფასებ ზუროსის მხრიდან. 5 წლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ეს ერთგვარი რეაბილიტაციაც იყო, მაგრამ ამ ხუთი წლის მანძილზე,  ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ შეიცვალა, რომ კარიერაში სხვა მიზნები დავისახე. ისე მოხდა, რომ შარშან „ჰიუსტონში" უნდა წავსულიყავი საცდელ სამწვრთნელო კურსებზე გამოცდილების მისაღებად. ჩემმა მეგობარმა  მაიკ დ'ანტონიმ, დამპატიჟა. ის "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელია. ამაზე, უარის თქმა არ შემეძლო, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა მაქვს არჩეული. ეს იქნება, ჩემი შემდეგი ნაბიჯი კალათბურთის სფეროში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზუროსსაც ავუხსენი. თუმცა, როგორც ჩანს, ეწყინა და წელს აღარ გამომიძახა, თუ არ ვცდები ამ მიზეზის გამო. თუმცა, სამომავლოდ, გამოძახების შემთხვევაში ნაკრებში თამაშის სურვილი მაქვს".

რა იყო რეალურად ნიკა ცქიტიშვილის ნაკრებში გამოძახება-არ გამოძახების საკითხი, წყენა თუ ელემენტარული კომუნიკაციის არ არსებობა, მწვრთნელსა და ნაკრების პოტენციურ მოთამაშეს შორის, უკვე ჩავლილი ამბავია. ყოველ შემთხვევაში, დღეს ზუროსი და ცქიტიშვილი, დუდუ დადიანის მემორიალის მსვლელობისას მთელი 25 წუთი საუბრობდნენ და  როგორც სჩანს, პირობითი მოლაპარაკებაც შედგა.

 

ცქიტიშვილის გარდა ილიას ზუროსი ევრობასკეტის მონაწილე კალათბურთელებსაც გაესაუბრა და სუპერლიგის რამდენიმე მოთამაშეს, მათ შორის დინამოელ ლევან ფაცაციასაც.

დუდუ დადიანის მემორიალზე მეორე დღეა ილიას ზუროსი, რომელმაც 2017 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე გაიყავნა ქართველთა ნაკრები, გულმოდგინედ აკვირდება ტურნირს. მეორე დღეა, სამი თამაშის მანძილზე, ზის მარჯვენა კუთხეში და ჩანაწერებს აკეთებს. ქართველთა ბერძენი მწვრთნელი, რომლის ეროვნულ ნაკრებთან ხელშეკრულებასაც ვადა გაუვიდა, ჩვენთან, არაოფიციალურ საუბარში ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას არც უარყოფს და არც დარჩენას გვიდასტურებს. თუმცა, აშკარაამ რომ გუნდისთვის, რომელსაც ნოემბერში ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი სერბეთში მოუწევს თამაში, მონახაზებს უკვე აკეთებს.


ჩვენს შეკითხვაზე, „დაადგა" თუ არა თვალი რომელიმე მოთამაშეს, ილიას  ზუროსმა, მხოლოდ ის აღნიშნა რომ რამდენიმე კალათბურთელზე, ყურადღება მართლაც აქვს შეჩერებული და ინტენსიურად აკვირდება. იცის, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალზედ მცირე დროა დარჩენილი და ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. ქართველთა ბერძენი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ეროვნული ნაკრებიდან მთელი რიგი კალათბურთელების წასვლის შემდეგ, თაობათა ცვლა, არ აზარალებს ქართული კალათბურთის დღევანდელობას.

ფაქტია, რომ ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძის, გიორგი ცინცაძის, ანატოლი ბოისას ნაკრებიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ევროლიგის კალენდარიც ემთხვევა, რის გამოც შესაძლოა კლუბებმა ნაკრებში სათამაშოდ, ნოემბრის თამაშებზე, არ გამოუშვან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ისედაც „მოკლე სკამის" კიდევ ასე დამოკლება, კი ქართული კალათბურთსთვის სერიოზული ჩავარდნა იქნება, რის „ამოქაჩვასაც" შესაძლოა ისევ წლები დასჭირდეს, როგორც ეს 10-12 წლის წინ მოხდა.