
ცინცაძის და ბერიშვილის 2 ორმაგი ყატარში
ყატარში დაიწყო ქვეყნის ჩემპიონატი კალაერთმვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი. ქართველი ლეგიონერების ალ შამალმა ალ ხორს დიდი ანგარიშით - 111:72 სძლია. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი ცინცაძე გახდა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შედეგად, ქართველი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა ბერიშვილმა. მან 35 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
მიხეილმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. ალ შამალს მომდევნო მატჩი 14 დეკემბერს ელის, როდესაც ალ რაიანს უმასპინძლებს.

გიორგი ბეჟანიშვილი
გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ილინოისელები სტუდენტური ლიგის მიმდინარე რეიტინგის საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელ "მიჩიგანს" შეხვდა და 71:62 დაამარცხა. "მიჩიგანი" "ილინოისის" თანაკონფერენციელია, თუმცა ეს თამაში არ გახლდათ Big Ten-ის შიდასაჩემპიონატო. კონფერენციების ჩემპიონატები სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს.
თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. რეიტინგის მოწინავე გუნდის დამარცხება გამორჩეული საქმეა. თანაც , ილინოისელებს 2013 წლის შემდეგ საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელი დამარცხებული არ ჰყავდათ. გასახარია, რომ ამ გამარჯვებაში სოლიდური წილი წწორედ ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. გიორგი ბეჟანიშვილი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო და საკვანძო ფიგურა გახლდათ.
ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეორე ტაიმის მნიშვნელოვან მომენტებში გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, ჯერ მეტოქეს დაუფარა, შემდეგ ცალი ხელით ეფექტური შესვლის მერე ჩატენა და ბოლოს მნიშვნელოვანი მოხსნა მოიპოვა მეტოქის ფარზე. როცა, გიორგიმ ჩატენა, მან ილინოისის 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინა ფავორიტთან მატჩში

გიორგი შერმადინი
ესპანური "ტენერიფე იბეროსტარის" ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, დღეს კი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ტენერიფელები რუსეთში "ნიჟნი ნოვგოროდს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 72:75 დამარცხდნენ. 7-დან 7 გამარჯვების მქონე ტენერიფელებისთვის ეს გახლდათ პირველი დამარცხება ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაში. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27:53 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს 3 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა.
შერმადინის პასით ალექს ლოპესს შეეძლო ბოლო წამზე გათანაბრება, თუმცა ვერ ჩააგდო. 7 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფელები 8-გუნდიან ჯგუფში პირველობას საიმედოდ ინარჩუნებენ. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 17 დეკემბერს, შინ მონტენეგრულ "მორნარს" შეხვდება.





ჩვენ








