სეზონებს შუა „აურზაური“ ჩემპიონ გუნდში
სეზონებს შუა „აურზაური“ ჩემპიონ გუნდში
14.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დილიდან, ქართული მედია და საქართველოს ჩემპიონის რიგებში სეზონებს შუა ტრადიციულ ცვლილებებზე ახმაურდა. ბუნებრივია, რომ ქვეყნის 17-გზის ჩემპიონისა და საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი „დინამო თბილისის" ბედი, ყველას აინტერესებს თუ არა, „მოდის" გამო, მაინც უნდა, რომ საქმის კურსში იყოს.


ის, რომ გუნდისთვის, რომელსაც 2020 წელს მიზნად ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა აქვს განზრახული, სიახლე არაა. ალბათ, დაკვირვებულ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ „დინამო არენაზე" ლევან მჭედლიძის წარდგენისას, კლუბის მფლობელმა, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს გუნდს მიზნად ევროტურნირების ჯგუფში, „მნიშვნელობა არა აქვს, ჩემპიონთა ლიგა იქნება ეს, თუ ევროპა" ლიგაო", მოხვედრა დაუსახა მიზნად.


სამაგიეროდ, ბევრისთვის უცნობია, რომ 2019 წლის სეზონზე, როდესაც „დინამო თბილისის" არ წაუვიდა თამაში, ესპანელები, სამწვრთნელო შტაბიდან, გუნდში, სწორედ კლუბის პრეზიდენტმა გააჩერა. თუმცა, ფეხბურთს, მინდვრის გარეთაც თავისი წესები აქვს და ამ წესების დაცვა, განსაკუთრებით ძლიერებს მოეკითხებათ.


დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, „დინამო თბილისი" კლუბის ესპანელ მწვრთნელებს დაემშვიდობა. ბუნებრივია, ჭორი ჭორად, მაგრამ ინფორმაციის გადამოწმება კლუბის გენერალურ დირექტორთან გადავწყვიტეთ. ზაზა დოლიძემ კი, შემდეგი პასუხი გაგვცა:




„დინამო თბილისში" მიმდინარეობს ბუნებრივი პროცესები, ის რაც ყველა სხვა კლუბში. კლუბი აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც დაუსრულდათ კონტრაქტები და  მათთანაც, ვინც შესაძლოა 2020 წლის სეზონზე „დინამოში" ითამაშოს. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ესპანელ მწვრთნელებს, რომლებსაც კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტები ჰქონდათ, დაუსრულდათ. საუბარი მაქვს გუნდის მთავარ მწვრთნელზე ფელის ვისენტეზე და მის ასისტენტ, ჩისკო მუნიოსზე. ბუნებრივია, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ესპანელებთან. თუმცა, აქ, ჩისკოს ვარიანტში არის ერთი პირობა, რის შემდეგაც, ჩისკო გააგრძელებს „დინამოში" მუშაობას - ეს არის უეფას პრო-ლიცენზია. გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე მწვრთნელთან, მათ შორის კახა ჩხეტიანთანაც. მასთან საუბარს ვადასტურებთ. თუმცა, აქაც, ჯერ არაფერი გარკვეული არ არის", - ამბობს ზაზა დოლიძე, TSFF.GE-სთან საუბარში.




ჩისკოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, „დინამო თბილისის" ყველა დროის ერთ-ერთ სასურველ ლეგიონერს ჩვენი გვერდიც დაუკავშირდა, თუმცა, კონკრეტულ მომენტში ესპანელისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ჩვენთვის ცნობილი და გადამოწმებული ინფორმაციით, დინამოელთა სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი, ჩისკო მუნიოსი, ესპანეთის ერთ-ერთ უმაღლესში სამწვრთნელო ფაკულტეტს ასრულებს. კერძოდ, მისი პროფილი, „სოკერისა და ფუტსალის ლიცენზიაა", თუმცა, აღნიშნული დიპლომი, უეფა-ს მიერ ისევე არ არის აღიარებული, როგორც თუნდაც, საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის სამწვრთნელო ფაკულტეტის დიპლომი. შესაბამისად ჩისკოს, აღნიშნული დიპლომის მიღების შემთხვევაშიც, უეფა-ს პრო-ლიცენზიის გამოცდის ჩაბარება მოუწევს.  


„ჩვენ ველოდებით ამბავს ესპანეთიდან. თუმცა, პარალელურად როგორც ვთქვით, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებს ჩისკო აღნიშნული ლიცენზიის მიღებას, ამ დროს, კი კლუბები დაკომპლექტდება, ჩვენ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელის მოყვანა გაგვიჭირდება. ასე, რომ ვაწარმოებთ, მოლაპარაკებებს რამდენიმე პიროვნებასთან, მათ შორის კახა ჩხეტიანთანაც", - ამბობს ზაზა დოლიძე.




აქვე, გეტყვით, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული და გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე „დინამო თბილისი" არ აწარმოებს მოლაპარაკებებს გია ჭიაბრიშვილთან, რომელსაც 2019 წლის სეზონის ბოლოს „საბურთალოს" დატოვება მოუხდა.


დღესვე, TSFF.GE-ს, „დინამო თბილისთან" მოლაპარაკებები დაუდასტურა კახა ჩხეტიანმა. თუმცა, ქუთაისის „ტორპედოს" თავკაცმა ისიც დასძინა, რომ აღნიშნული მომენტისთვის მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და რას მოიფიქრებს, მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ჩხეტიანის თქმით, პარასკევს გვიან საღამომდე, „ტორპედოში" გუნდის ახალი, პოტენციური ინვესტორები იყვნენ მისულები და ქუთაისური კლუბი უახლოეს ხანში, სიახლეებს დააანონსებს. ჩვენის მხრივ, დავძენთ, რომ ეს ქუთაისური კლუბის გარშემო, მორიგი ბლეფი არ გამოდგება და „ტორპედოს" მართლა გამოუჩნდება „პატრონი", რომელიც ბოლო წლებში იმერლების მთავარ კლუბში წარმოქმნილ ყველა მტკივნეულ პრობლემას გადაჭრის.  




კიდევ ორი საჭორაო საკითხი, რომელიც „დინამოში" ცვლილებებს უკავშირდება, დიდი ალბათობით, ესპანელი სამწვრთნელო შტაბის თემასთან პირდაპირპროპორციულია. დარჩებიან თუ არა გუნდში, „დინამო თბილისის" ესპანელი ლეგიონერები? ჩვენი გვერდი დღეს, ერთ-ერთ მათგანს, ხოსე პერალესს დაუკავშირდა, რომელსაც ჩვენი გვერდი რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და ექსკლუზიურ ინტერვიუსაც უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ. მანამდე კი, პერალესმა, მიმდინარე აქტუალური თემის ირგვლივ გააკეთა კომენტარი.



„მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი, ესპანეთში ვარ და დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. არ ვიცი, რა ხდება და ამბები დღეს, მას შემდეგ გავიგე, რაც ქართველი ჟურნალისტები დამიკავშირდნენ. არ ვიცი ისიც, თუ რა გეგმები აქვს ვიქტორს, რაც ესპანეთში ვარ, მასთან არ მილაპარაკია. „დინამოში" იციან, რომ მე ამ გუნდში თამაში მინდა, მაგრამ ჯერჯერობით იქითა მხრიდან ამას ვერ ვგრძნობ. წამოსვლამდე, კლუბმა გამიკეთა შემოთავაზება, თუმცა, კონტრაქტში იყო დეტალები, რომლებიც ჩემი შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე აღარ მაკმაყოფილებდა. მათ მითხრეს, მაშინ, კარგი, ჩვენ სხვა მეკარეს მოვძებნითო", - ამბობს ხოსე პერალესი.


ყველა ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, სექტემბერში, დაწყებული „გვირილაზე მკითხაობა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის როინ კვასხვაძის „დინამო თბილისში" გადმობარგების შესახებ საუბრები კვლავ აქტუალური გახდა. ჩვენ როინ კვასვხაძესაც დავუკავშირდით, რომელმაც ამ ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურა. შეგახსენებთ, რომ კვასხვაძეს „ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, თუმცა, ქუთაისური კლუბის მხრიდან მთელი რიგი საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო, მას სხვა კლუბში გადასასვლელად ხელს არაფერი უშლის.




და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ესპანელი პერალესის გარდა, 2019 წლის სეზონზე „დინამო თბილისის" კარს კიდევ ორი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო და სტეფან სიკაჩიც (თბილისის „ლოკომოტივთან" მიღებული ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელმა რეაბილიტაციის დასკვნითი ფაზა სწორედ „დინამო თბილისთან" გაიარა) იცავდნენ. ასე, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გეგმიურ ცვლილებებზე, ჯერ ნაადრევია საუბარი და მათ შესახებ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.