
საფეხბურთო კლუბი „თელავი", 2020 წლის სეზონზე, საშინაო მატჩებს ქალაქ თელავში ჩაატარებს. კლუბის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გუნდმა, სწორედ თელავში ითამაშოს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბებმა მატჩები მხოლოდ ბუნებრივსაფარიან მინდორზე უნდა გამართონ, სად ითამაშებს ძლიერთა შორის „ამოსული" „თელავი" აქტუალური გახდა.
სავარაუდოდ, 23 დეკემბერს, თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. საფეხბურთო კლუბის სპორტული დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის თქმით, 2020 წელს „თელავის" მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.
„წესით, მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში - ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს", - ამბობს სოსო გრიშიკაშვილი.
ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და ისეთი კომფორტი, უეფა-საგან მაქსიმალური კატეგორია, რომ მიიღოს. ამასთანავე, აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები, რომ გუნდი დაბინავდეს და კარგ პირობებში მოემზადოს. თელავის კლუბში, აცხადებენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან, რათა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა.
მანამდე კი, გამომდინარე იქიდან, რომ თელავში, გულშემატკივრის ინტერესი, დაესწროს საკუთარი გუნდის თამაშებს მაღალია, კახელები, საშინაო თამაშებს რაგბის სტადიონზე გამართავენ. ამ ინფორმაციას თავად კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
რაგბის კომპლექსი "კავკასიონი რაგბი არენა", სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია, მზადაა საკუთარი ინფრასტრუქტურა თანაქალაქელ ფეხბურთელებს დაუთმოს. ასე, რომ კომპლექსში, რომლის მფლობელიც საქართველოს რაგბის კავშირია, საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს, „თელავი", სწორედ "კავკასიონი რაგბი არენაზე" გამართავს.





ჩვენ








