
გოგა ბითაძე
ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე ნბა-ს G (განვითარების) ლიგაში, საკუთარ სატელიტ გუნდ პორტ ვეინში გაანათხოვრა. როგორც გუნდში განაცხადეს, ეს მხოლოდ 1 მატჩით მოხდა და ინდიანას მორიგ შეხვედრაი ბითაძე ისევ პეისერსის განაცხადში იქნება.
ამასობაში ბითაძემ პირველი მატჩი უკვე ითამაშა პორტ ვეინის მაისურით და გუნდს "ერის" 113:93 დამარცხებაში დიდად დაეხმარა. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ბითაძემ 36:17 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
როგორც ინდიანელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, ბითაძეს ბოლო მატჩებში მცირე სათამაშო დრო მიეცა და პრაქტიკის მისაღებად ის პორტ ვეინში გაუშვეს. სავარაუდოდ, ბითაძე შემდეგ მატჩს უკვე ინდიანა პეისერსის შემადგენლობაში ჩაატარებს.

გიორგი შერმადინი
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე ანდორას ესტუმრა და მეტოქეს 10 ქულით დაამარცხა - 86:76. ქართველ ცენტრს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია, თუმცა გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, 15 წუთის თავზე 5 პერსონალურის გამო მოედნიდან რომ არ გავარდნილიყო.
სასტარტო ხუთეულში მყოფ ქართველ ცენტრს არცერთი სროლა არ გაუფუჭებია. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ, შერმადინი, რომელიც აკურატული თამაშით გამოირჩევა და ხშირად მთელი მატჩის განმავლობაში ჯარიმას არ იღებს, პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდა. 15 წუთში გიორგის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო.
ტენერიფეს 13 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში გრან კანარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.





ჩვენ








