27 დეკემბერს საქართველოს სამთო სათხილამურო თასის გათამაშება დაიწყება
27 დეკემბერს საქართველოს სამთო სათხილამურო თასის გათამაშება დაიწყება
16.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


სასტუმრო „რედისონში" დღეს, ზამთრის 2019-2020 წლების სეზონთან დაკავშირებით საინფორმაციო სახის პრეს-კონფერენცია გამართა საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ.


2019-2020 წლის სეზონის სამთო-სათხილამური და ფრისტაილის შეჯიბრებები სტარტს მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოდან აიღებს. მოგეხსენებათ, უკვე წლებია, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია თასის ეტაპებს ქვეყნის სხვადასხვა კურორტები მასპინძლობს და ფედერაციას მათ ორგანიზებაში მთის კურორტების განვითარების კომპანია ეხმარება. პირველი და დასკვნითი ეტაპი კი, მესტიაში ჩატარდება.


27-28 დეკემბერს მესტიაში 2020 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი გაიმართება.

II-ეტაპი 10-12 იანვარი ბაკურიანშია დაგეგმილი.

III - IV-ეტაპები 6-8 მარტს / 20-22 მარტს გუდაურში გაიმართება.

V-ეტაპი კი 9-12 აპრილი სვანეთშია დაგეგმილი.


ქვეყნის მთავარი შეჯიბრის გარდა, სათხილამურო ფედერაცია, თავის პარტნიორებთან ერთად ნელ-ნელა 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების აქტიურ ფაზაში გადადის.


უკვე, 2020 წელს, გუდაური FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურ ფედერაცია) ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში. შეჯიბრი კონკრეტულ სახეობებში 2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს პირველად გაიმართება. სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილმა და ფრისტაილის კომიტეტის უფროსმა ლევან მეტრეველმა დეტალურად ისაუბრეს შეჯიბრების საორგანიზაციო და პროცედურულ საკითხებზე. ეკატერინე გაბაშვილმა, პროცესში მოხალისეების ჩართულობაზე და მათი როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მათი გვერდში დგომით წარმატებით ჩაივლის ეს მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი.


2023 წლის სამზადისზე გაამახვილე ყურადღება პრეს-კონფერენციის სხვა მონაწილეებმაც. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ, კურორტების ხელოვნურად გათოვლიანების მნიშვნელობაზე და ამ საკითხის ტექნიკურად გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უახლოეს პერიოდში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რომელიც 2023 წლის ჩემპიონატისთვის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, ბაკურიანის სათხილამურო ტრასაზე, ხელოვნური საფარის უზრუნველყოფას შეძლებს.  2023 წლისათვის ბაკურიანს დაემატება სამი ახალი საბაგირო, რომელსაც ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი" აშენებს.


და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქართული მედიისთვის გაესვა ხაზი ზამთრის სახეობების ქართველი სპორტსმენი გოგონას წარმატებაა.


„წელს პირველად ქართველმა გოგონამ, ესმერალდა გობოზოვამ, ტრამპლინიდან მხტომელმა, მოიპოვა უფლება იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად. ძალიან გვიხარია ეს ფაქტი და გვინდა ვუსურვოთ მას წარმატება", - აღნიშნა ზურაბ კოსტავამ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა.


ტრადიციულად ჩვენი ვებ-გვერდი შეეცდება საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და FIS-ის დახმარებით მთელის სეზონის მანძილზე, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.