საკალათბურთ სუპერლიგას თსუ ლიდერობს
საკალათბურთ სუპერლიგას თსუ ლიდერობს
15.12.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

"ოლიმპი" - "მგზავრები" 76-73


დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტური. დასკვნით მატჩში მეორე ადგილზე გადასვლის კანდიდატმა "ოლიმპმა" აუტსაიდერი "მგზავრები" დაძაბულ ბრძოლაში - 76:73 დაამარცხა და ხსენებულ ადგილზე დამკვიდრდა. პირველ წრეში დარჩენილ 1 ტურში ოლიმპელებს ლიდერი თსუ-ს დაწევის შანსი არ აქვთ, თუმცა დიდი ალბათობით ახალ წელს სწორედ მეორე ადგილზე შეხვდებიან.


"მგზავრებმა" წინა ტურში "დინამო" 41 ქულით გაანადგურა და ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალწვეული ლეგიონერები - ლოველ ქაბილი და ჯოზეფ როკა გახლდნენ. სწორედ კანადელი მსროლელის, ჯოზეფ როკას ზეშედეგიანი თამაშის წყალობით "მგზავრებმა" პირველი პერიოდი დამაჯერებლად - 26:20 მოუგეს "ოლიმპს" და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით იყვნენ წინ. როკამ პირველ პერიოდში 17, ხოლო პირველ ნახევარში 24 ქულა ჩააგდო და მისი შემჩერებელი ოლიმპელთაგან ვერ მოინახა.


დიდ შესვენებაზე დიმიტრი ჯაკობოვმა და მისმა თანაშემწეებმა "ოლიმპის" სათამაშო ტაქტიკა შეცვალეს. აქცენტი როკას პერსონალურ მეურვეობაზე და დაცვის გამაგრებაზე გაკეთდა. ჩანაფიქრმა გაამართლა და მესამე პერიოდში თამაში გათანაბრდა. რაკი როკა გააჩერეს, ოლიმპელებმა ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი, რასაც ნელ-ნელა, მეთოდურად ახორციელებდნენ. მესამე ათწუთეულში ჯაკობოვის გუნდმა მხოლოდ 2 ქულა გააბათილა, ხოლო ბოლო პერიოდში დაცვა კიდევ უფრო გაამაგრა და "მგზავრების" შემტევებს მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეუზღუდა. 


შედეგმა არ დაახანა და თამაშის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე, რევაზ როგავას სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა - 70:70. "მგავრების" მოთამაშეები, რომლებიც ამ მდრომდე, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, მეტოქის ძლიერმა თამაშმა არია. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრებმა გადამწყვეტ მომენტში,  ხელსაყრელი სიტუაციიდან არაერთხელ ააცილეს ბურთი, რაც წაგებად დაუჯდათ. "ოლიმპი" მობილიზებულად მიდიოდა გამარჯვებისკენ და კახა ჯინჭარაძის შედეგიანობით, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, მიზნამდე მივიდა. 


"ოლიმპმა" საბოლოოდ 76:73 გაიმარჯვა და პირველი წრის 10 მატჩის შემდეგ 6 გამარჯვებით მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა. ჯაკობოვის გუნდს გამარჯვებისკენ კახა ჯინჭარაძე გაუძღვა, რომელმაც შეხვედრა 33 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. 17 ქულა ჰქონდა კორი ჰოლდენს, ვის შემდეგაც ყველაზე შედეგიანი 7-ქულიანი დევიონ ტერნერი გახლდათ. "მგზავრებში" 28 ქულით საუკეთესო იყო ჯოზეფ როკა, ანუ კანადელმა ლეგიონერმა მეორე ტაიმში მხოლოდ 4 ქულა მიითვალა. 18 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ტაჯ სპენსერმა.




"კაკტუსი" - "ქუთაისი" 82-76


სუპერლიგის მე-10 ტური დღეს 2 მატჩით სრულდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი შეხვედრებიდან პირველი დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში "კაკტუსმა" "ქუთაისი" 82:76 დაამარცხდა და ცხრილში გაუთანაბრდა. ორივე გუნდს ახლა 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და ანალოგიური შედეგის მქონე "ტიტებთან" და "რუსთავთან" ცხრილში  6-9 ადგილებს იყოფენ.


შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და თანაბრად წარიმართა. პირველი პერიოდი 2 ქულით "ქუთაისმა" მოიგო, ხოლო მეორეში ანალოგიური სხვაობით "კაკტუსმა" იმარჯვა. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ. მესამე ათწუთეულში კვლავ 2 ქულით ქუთაისელებმა იმარჯვეს და ბოლო პერიოდს მცირე ლიდერობით შეხვდნენ, თუმცა კაკტუსელებმა გადამწყვეტი სიტყვა დასკვნით წუთებზე თქვეს.


ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მთლიანობაში, ლიდერი 20-ჯერ შეიცვალა, მატჩის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. მნიშვნელოვანი იყო ლევან ლოლიშვილის სამქულიანი, რომლის შემდეგაც, თამაშის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე "კაკტუსი" 74:70 დაწინაურდა. ამ გაქცევის შემდეგ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსელები გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ -82:76.


გამარჯვებულებს 18 ქულით, 11 პასითა და 6 მოხსნით ბრაიან უილიამსმა ულიდერა. 21 ქულით ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო ჯასტინ ევერეტის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ქუთაისში 18 ქულით, 7 პასითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო შონ რაუნდთრი. 20 ქულა ჯეიმზ მილიკენმა, ხოლო 17 - მილოშ პაიოვიჩმა დააგროვეს.




თსუ - "დინამო" 87-71


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი წრე დაასრულა. ლექსო ლაფანაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი თსუ ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდება. სტუდენტებმა მე-10 ტურის მატჩში მდევარი "დინამო" 87:71 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრის ბოლო, მე-11 ტურში ისვენებენ, ნებისმიერი გუნდისთვის მიუწვდომელები არიან. 


თსუ-მ პირველი წრის 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 დათმო. დღევანდელ შეხვედრაში უნივერსიტეტელებს საკმაოდ სოლიდური, 8 მატჩიდან 5 გამარჯვების მქონე "დინამო" ჰყავდა, რომელსაც დამაჯერებლად სძლია. თსუ-მ მრავალმხრივი და სწორი კალათბურთი ითამაშა. ამ მატჩში კარგად გამოჩნდა ის უპირატესობა, რასაც უნივერსიტეტელები დანარჩენ გუნდებთან ფლობენ და რის ხარჯზეც მიმდინარე სუპერლიგას ლიდერობენ. ესაა ძლიერი ფიზიკური მომზადება, დაბალანსებული შემადგენლობა ყველა რგოლში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დისციპლინა. 


თსუ-მ დღევანდელი მატჩი სწრაფ ტემპში, კონტრშეტევებით დაიწყო, რის ხარჯზეც სოლიდურ ლიდერობას მიაღწია (12:5), ხოლო როცა მეტოქე წამოეწია, ტაქტიკა შეცვალა და ბრძოლის ეპიცენტრად ფარქვეშეთი აქცია. აქ კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ტურძილაძემ და გიორგი კორსანტიამ ჰეგემონია დაამყარეს და 18:16 დაწინაურებული დინამოელები კვლავ უკან მოიტოვეს - 23:18 პირველი პერიოდის შემდეგ.


სერბი ჯორჯე მილოსავლიევიჩი ბურთს დინჯად ათამაშებდა, რომელსაც ფრთიდან სანდრო სანაძე და დევიდ მაკფარლანდი ეხმარებოდნენ. ეს უკანასკნელი სწრაფი შესვლებით ქულებს უხვად იხვეჭდა. თსუ-ელებმა მესამე პერიოდი 25:18 მოიგეს და ბოლო შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.


"დინამო" უბრძოლველად არ დანებებულა. მაიზერ რევაზაშვილის, ნოდარ გოგოძისა და ტაილერ უილიამსის შედეგიანობით ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ლაფანაშვილის წუთშესვენება დროული აღმოჩნდა. თსუ-მ თამაში დაალაგა, დინამოელებს სასროლი სივრცეები შეუზღუდა, შეტევაში დევიდ მაკფარლანდმა, ჯორჯე მილოსავლიევიჩმა და რიკი მედისონმა იხეირეს და ბოლოსწინა წუთზე უნივერსიტეტელთა ლიდერობა კვლავ 10 ქულას ასცდა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა. თსუ აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და პირველი წრე ყველა გუნდზე ადრე და პირველ ადგილზე დაასრულა.


გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი. 17 ქულით მედისონი გამოირჩა, ხოლო გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. დინამოს 24 ქულით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 22 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.




"ვერა" - "ცხუმ-აფხაზეთი" 78-59


გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა "ვერა" "ცხუმ-აფხაზეთს" შეხვდა და 78:59 დაამარცხა. 


ზვიად ანთაძის გაწვრთნილ "ცხუმ-აფხაზეთს" თამაში ცუდად არ დაუწყია, პირველი პერიოდი 23:18 მოიგო და  მეორეშიც ლიდერობდა. ვერელებმა თამაში დიდ შესვენებამდე დაალაგეს და მედგარი დაცვის ხარჯზე მეტოქეს ქულების მოპოვებისთვის სივრცეები შეუზღუდეს. ამან ხოშტარიას გუნდ შეტევაში გზა გაუხსნა და მეორე პერიოდის 19:11 მოგების შემდეგ "ვერა"  დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა - 37:34. 


მესამე პერიოდიდან ვერელები თამაშის სადავეებს მთლაინად დსეპატრონნენ და დასკვნით ათწუთეულამდე უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ბოლო პერიოდში ცხუმელებს თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცემიათ. "ვერამ" იმდენად შედეგიანად ჩაამთავრა შეხვედრა, რომ ლიდერობა საბოლოოდ 19 ქულამდე გაზარდა.


გამარჯვებულთაგან 20 ქულითა და 9 ქულით ვენდელ ლუისი გამოირჩა, საუკეთესო შედეგი კი ვახტანგ ქადარიამ დააფიქსირა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება. 17 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ბექა ჩიკვილაძემ. ცხუმ-აფხაზეთში 20ქულით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 11 ქულა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს.




"რუსთავი" - "ტიტები" 66-71


მიმდინარე სუპერლიგის ყველაზე არასტაბილური გუნდი "რუსთავია". ქვემოქართლელებს მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ 2 მატჩი არც მოუგიათ და არც წაუგიათ. სუპერლიგა წაგებით რომ დაიწყეს, მას შემდეგ, 9 თამაშია, რუსთაველები წაგებას და მოგებას ერთმანეთს უნაცვლებენ. წინა ტურში ქვემოქართლელებმა ოლიმპი იოლად დაამარცხეს და იმედი ჰქონდათ, დღევანდელ მეტოქე ტიტებთან, რომელსაც ბოლო 4 მატჩი წაგებული ჰქონდა, ზედიზედ მეორე გამარჯვებას იზეიმებდნენ. არ გამოვიდა. უკვე მერამდენედ, მოგებას წაგება შეენაცვლა. ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილმა ტიტებმა ნავსი გატეხა და 4 წაგების შემდეგ, გამარჯვების გემო  რუსთავში გაიხსენა.


თბილისური გუნდის მოგება იყო დამსახურებული და გაუსაჩივრებელი. ტიტების ყველა კალათბურთელმა, რომელიც მოედანზე გავიდა, კარგად ითამაშა და ბოლომდე  დაიხარჯა. იყვნენ გამორჩეულებიც: მაგალითად ტიტების ახალწვეული კორი სპენსი, რომელმაც პირველ პერიოდში 17 ქულა ჩააგდო და თბილისურ გუნდს ის მძლავრი ბიძგი მისცა, რომლითაც ტიტებმა თამაშის ბოლომდე დაუბრკოლებლად იარეს. 


სპენსისგან ესტაფეტა ნიკა მეტრეველმა და ტრისტან უოლემ გადაიბარეს, რომლებმაც რუსთაველთა ფარქვეშეთი დაიპყრეს. სამწამიანიდან გაძევებული რუსთაველთა სერბი ცენტრი ნიკოლა ტადიჩი პერიმეტრიდან ისროდა, თუმცა ისევე არაზუსტად, როგორც მის თანაგუნდელთა უმეტესობა და პირველი პერიოდის 23:13 მოგების შემდეგ, ტიტებმა მე-19 წუთისთვის 19-ქულიან ლიდერობას მიაღწია - 42:23.


მეორე ტაიმი ტიტებმა 16-ქულიანი ლიდერობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ოთო ფხაკაძისა და დენზელ ლივინგსტონის სამქულიანებით მასპინძლებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს, მესამე პერიოდის მიწურულს რიჩარდ მათიაშვილისა და ნიკა მეტრეველის ტანდემის  შედეგიანმა თამაშმა თბილისელებს სოლიდური ლიდერობა დაუბრუნა. ტიტები ბოლო შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ, რაც ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა. 


ბოლო პერიოდში აკაკი დვალიშვილის დაცვასა და შეტევაში აქტიურობამ, ასევე აკაკი ლომოურის სამქულიანებმა რუსთაველებს ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირებინა (61:68), თუმცა კვლავ ამოქმედდა თბილისელთა ტანმორჩილი გამთამაშებელი - კორი სპენსი, რომელმაც ბურთი უბადლოდ გაათამაშა, რითაც დროც გაიყვანა და თან ქულების მოპოვების შესაძლებლობა თუ თანაგუნდელთა პასებით მომარაგების შანსს ხელიდან არ უშვებდა.


ტიტები დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე - 71:66, რითაც 4-მატჩიანი, დანავსული სერია გატეხა. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 8 მოხსნით სპენსმა ულიდერა. 13 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა ტრისტინ უოლე. ნიკა მეტრეველმაც ორმაგი დუბლი (12 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. რუსთაველებში 16 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა. დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი - 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.


მატჩს ესწრებოდა ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც საქართველოში ნაკრების წევრებისა და კანდიდატების დასაკვირვებლად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


სატურნირო ცხრილი

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური, 20-დან 22 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.