საახალწლოდ სუპერლიგას თსუ ლიდერობს
საახალწლოდ სუპერლიგას თსუ ლიდერობს
22.12.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

ვერა - მგზავრები 75 - 87


დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე. ჩემპიონატის მონაწილე 11-მა გუნდმა ერთმანეთში თითო მატჩი გამართა და გაირკვა: 10 მატჩიდან 8 მოგებით პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. შემდეგ მოდიან 6 მოგებისა და 4 წაგების მქონე 3 გუნდი, რომელთა შორისაც უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ორივე მატჩის მომგებ დინამოს მიენიჭა. მე-3 ადგილზეა ბათუმი, ხოლო მეოთხეზე - ოლიმპი.


თანაბარი შედეგით, 5-5 მოგებ-წაგებით დაასრულა პირველი წრე მორიგმა სამმა გუნდმა - ვერამ, ქუთაისმა და რუსთავმა. ამ ტრიოში საუკეთესო იყო და მე-5 ადგილზე განთავსდა ვერა, რომელმაც პირველ წრეში რუსთავიც დაამარცხა და  ქუთაისიც. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მთელი 11 ტურია დარჩენილი, თუმცა ადგილების განლაგებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა თასის გათამაშების კენჭისყრისთვის, რომელიც ხვალ, 23 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება. სუპერლიგის პირველი წრის მოწინავე 5 გუნდი პირველ კალათაში განითესება და მერვედფინალში "ა" ლიგის 5 გუნდთან დაწყვილდება. ხოლო სუპერლიგის VI-VIII ადგილოსნები IX-XI ადგილებზე გასულ გუნდებს შეხვდებიან. 


სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში აუტსაიდერმა მგზვრებმა ვერა დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა და ეს პროგრესი ვერასთან მატჩში კარგად გამოჩნდა. ბერიშვილის გუნდმა მეტოქე თავიდანვე ჩამოიტოვა, თუმცა საგრძნობი სხვაობით მესამე პერიოდის 25:19 მოგების შემდეგ დაწინაურდა. ვერელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, მეტოქესთან 6 ქულით მიახლოვება იყო.


საბოლოოდ მგზავრებმა 87:75 გაიმარჯვა და ცხრილში 3 მოგებისა და 7 მარცხის მქონე ცხუმ-აფხაზეთს გაუთანაბრდა, თუმცა ამ გუნდთან პირადი წაგების გამო კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა. გამარჯვებულებს 14 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით ტაჯ სპენსერმა ულიდერა. 23 ქულით ბომბარდირი გახდა დარელ კომბსი, ოთო პერტაიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ვერაში 27 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი. 11 ქულა და 7 პასი ბრენდონ სლაის ანგარიშზე აკუმულირდა.



კაკტუსი - დინამო 77-79


სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური სრულდება. ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს კაკტუსი და დინამო შეხვდნენ. მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში კაკტუსი დინამოს უთანაბრდებოდა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ცხრილში პოზიციის გასამყარებლად იბრძვის.


მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდა. კაკტუსელები დიდი სხვაობით არ რჩებოდნენ და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, თუმცა დასკვნით ეპიზოდში დინამოელთა მწყობრი და დამაჯერებელი თამაშის წყალობით შეხვედრის ბედი მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა. 


საბოლოოდ 2-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა (79:77), თუმცა დინამოელთა გამარჯვებას რეალური საფრთხე არ დამუქრებია. დინამოელებს 23 ქულითა და 16 მოხსნით სედრიკ ქაუნსილმა ულიდერა. შედეგიანად გაისარჯა ლუკა ბულაშვილი, რომელმაც 18 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 10-10 ქულა მოაგროვეს ნოდარ გოგოძემ და კევინ ობრაიანმა. კაკტუსში 23 ქულითა და 16 მოხსნით გამოირჩა ზორან ვილოტიევიჩი, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.






ტიტები - ქუთაისი 73-81


თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს ტიტები და ქუთაისი შეხვდნენ. ორივე გუნდს მოგებ-წაგებების თანაბარი შეფარდება (4-5) ჰქონდ და შესაბამისად, ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა, პირველ წრეს რომელი უფრო მაღალ საფეხურზე დაასრულებდა.


მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მთელი საწყისი 3 პერიოდი ტიტები ლიდერობდა. ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი სწრაფი და კომბინირებული თამაშის წყალობით პირველი პერიოდის შემდეგ 29:19 იგებდა, მეორეს შემდეგ - 49:43, ხოლო მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა გარდატეხა მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი - 60:60 გახლდათ.


ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც ქუთაისელებმა უკეთესად ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. საკვანძო გამოდგა ლევან ფხაკაძისა და ბექა ბექაურის სამქულიანები, რომლის შემდეგაც ქუთაისელთა ლიდერობამ 9 ქულას მიაღწია და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შეხვედრის ბედი იმერული კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა.


მატჩი ქუთაისელებმა 81:73 მოიგეს, რომლებსაც 25 ქულით ჯეიმზ მილიკენმა ულიდერა. 13 ქულა მიითვალა შორ რაუნდთრიმ, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ და ბექა ბექაურმა შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს. ტიტებში 22 ქულით საუკეთესო იყო კორი სპენსი. 16 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, 15 ქულა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე დაგროვდა.




ცხუმ-აფხაზეთი - რუსთავი 58-69


რუსთავი ტრადიციას აგრძელებს. წაგება, მოგება, წაგება, მოგება და ასე გრძელდება დღემდე. ქვემოქართლელებმა სუპერლიგა წაგებით რომ დაიწყეს, მას მერე მოგებ-წაგებას ერთმანეთს უნაცვლებენ. წინა ტურში რუსთაველებმა შინ ტიტებთან წააგეს და დღეს მოგების ჯერზე ცხუმ-აფხაზეთს შეხვდნენ. ტრადიცია გაგრძელდა და შეხვედრა რუსთაველებმა 69:58 მოიგეს. წარმატებული გამოდგა ანატოლი ბოისას დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა რუსთავის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ბერძენი გეორგიოს კეცელიდისი შეცვალა. ახალი დამრიგებლით რუსთაველებმა პირველივე გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს და სუპერლიგის პირველი წრე 5-5 მოგებ-წაგებით დაასრულეს.


შეხვედრა მცირექულიანი გამოდგა. შესაბამისად, ბევრი იყო შეცდომები და აცილებული ბურთები. ორივე გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას უთმობდა, შეტევაში კი საბოლოოდ რუსთაველებმა იმარჯვეს, რომლებმაც უფრო გუნდურად ითამაშეს. პირველი პერიოდის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთი ქულას იგებდა, მეორეში კი რუსთაველებმა მინიმალური ჩამორჩენა გააბათილეს და 3 ქულით დაწინაურდნენ. საკვანძო გამოდგა მესამე ათწუთეული, რომელიც ქვემოქართლურმა გუნდმა 18:7 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 14 ქულით გალიდერდა. დარჩენილ დროში რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობა ისე შეინარჩუნეს, რომ მოედანზე სიტუაცია არ დაძაბულა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 5 მოგების მქონე ქუთაისს, ვერას და დინამოს შეუერთდა. ეს უკანასკნელი 2 გუნდი ხვალ პირველი წრის ბოლო მატჩებს გამართავენ.


გამარჯვებულ რუსთაველებს 16 ქულით საბა ლობჯანიძემ ულიდერა. 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო ამერიკელი დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე 9 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში 19 ქულით კვან უოლერი, ხოლო 13-ით დეონტა ფრანკლინი გამოირჩა.



ბათუმი - ოლიმპი 88-81


სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური ბათუმში დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დიმიტრი ჯაკობოვის ოლიმპს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 88:81. შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპი მეორე ადგილზე ერთპიროვნულად მკვიდრდებოდა და პირველ წრეს მისაღებ ადგილზე ხურავდა. მასპინძლები კი მოგების შემთხვევაში ოლიმპს უთანაბრდებოდნენ და მოხდა ისე, რომ ბათუმელებმა საწადელს მიაღწიეს და ამას დიდი დოზით გუნდის ახალწვეულ ბერძენ მოთამაშეს უნდა უმადლოდნენ.


ნიკოლაოს დიპლაროსი ბათუმში მონტენეგრულ ლოვცენიდან გადმოვიდა, მანამდე კი ბერძნულ არისსა და პანიონიოსში უთამაშია. 22 წლის ახალგაზრდა გამთამაშებელმა ოლიმპს 22 ქულა ჩაუგდო და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეიძლება ითქვას, რომ დიპლაროსის მეოხებით ბათუმმა ოლიმპი დაამარცხა. აჭარულმა გუნდმა ამერიკელი უკანახაზელის, ჯუნიუს პროველის ჩინებული შემცვლელი მონახა.


შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდან ოლიმპი იგებდა, რომელმაც პირველი პერიოდი სათავისო ანგარიშით - 23:17 დაასრულა. მეორე პერიოდიდან ამოქმედდა ბერძენი უკანახაზელი, რომელიც თანაგუნდელებს პასებითაც ამარაგებდა და თავის ჩასაგდებსაც აგდებდა. ბათუმელებმა მეორე ათწუთეული 29:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.


მეორე ნახევარში თანაბარი თამაში გაგრძელდა, მესამე პერიოდი ისევ ბათუმელებმა, თუმცა მხოლოდ 2 ქულით მოიგეს და ბოლო მეოთხედს 5-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ოლიმპი არ რჩებოდა და მოგები შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, თუმცა რევაზ ჩაჩანიძის სამქულიანებმა, ნიკოლა ვუიოვიჩის ფარქვეშა აქტიურობამ და რა თქმა უნდა, დიპლაროსის შედეგიანობამ თბილისელებს იმედი გადაუწურა. საბოლოოდ აჭარულმა გუნდმა 7 ქულის სხვაობით იმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ოლიმპის მსგავსად, ბათუმელებს 6 მოგება და 4 მარცხი აქვთ, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე ცხრილში წინ არიან.


გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლაოს დიპლაროსი. 5 სამიანი და ჯამში 17 ქულა ჩააგდო რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა შეხვედრა 15 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 13 ქულა ჰქონდა ლევან მასხულიას. ოლიმპელთაგან 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 16 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი რევაზ როგავამ მოაგროვა. 13 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა აკიეან ფრედერიკი.

***

სუპერლიგაში მთელი იანვარი დასვენება იქნება და მეორე წრე, თებერვლის დასაწყისიდან განახლდება. მანამდე კი სუპერლიგის გუნდები თასის გათამაშებასთან ერთად მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე იასპარეზებენ.


სატურნირო ცხრილი


კალათბურთის ფედერაციის ფოტოები