
საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს, 2020 წლის 10-19 იანვარს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 5 უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს.
ქართველთა ნაკრები პირველ თამაშებს 10-12 იანვარს გამართავს. მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, იტალიის ქალაქ ბენევენტოში ჩვენი გუნდი რუმინეთს, იტალიასა და კოსოვოს ნაკრებებს დაუპირისპირდება. გამარჯვებული გავა მეორე რაუნდში, პლეიოფში, რომელიც 2020 წლის ივნისამდე უნდა გაიმართოს.
ამის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება ფინეთთან. აქედან, პირველი, 16 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. საპასუხო კი, 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკის არენაზე. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყებს „ევრო 2022"-ის მთავარ შესარჩევ რაუნდს. აღნიშნული შესარჩევი ეტაპიდან, რომელშიც ევროპის 32 უძლიერესი გუნდი მონაწილეობს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 20 საგზური გათამაშდება.
საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირებისთვის მზადება დაიწყო ოქტომბერში, როდესაც ჰქონდა ერთკვირიანი შეკრება მაკედონიაში და 2 ამხანაგური მატჩიც გამართა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. შეკრების მეორე ეტაპი, ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გამართა. წვრთნის მესამე ეტაპი, რომელსაც ქართველ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გადის, ხუთდღიანია და პარასკევს დასრულდება
შეკრების მესამე ეტაპის ვარჯიშზე 16 ხელბურთელი, მათ შორის ლეგიონერების უმრავლესობა მონაწილეობს. ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, წვრთნას ბექა ორჯონიკიძესთან ერთად უძღვება ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი, მარკო შეშუმი.
27 დეკემბრის შემდეგ გუნდს საახალწლო შესვენება ექნება და 2 იანვრიდან საბოლოო შეკრებაზე გადავა. სწორდ, ამ დროიდან შეუერთდებიან გუნდს, ვეტერანი რევაზ ჭანტურია და საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდები - გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე. ახალი წლიდან დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს, ერეკლე არსენაშვილი. ტურნირებამდე დასკვნით შეკრებაზე მთავარი მწვრთნელის, ნიკოლა მაქსიმოვიჩისა და ტექნიკური დირექტორი, დრაგან ჯუკიჩის მეთვალყურეობით 20 ხელბურთელი ივარჯიშებს, თუმცა, საბოლოოდ, იტალიაში 16 გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრები
GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)
LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)
LB, CB: ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგ, მკდ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ), შალვა სტურუა (1994, ქუთაისი), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)
RB, RW: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ), ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, RW, ქუთაისი)
P: ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი მიქავა (1998, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)





ჩვენ








