ლაშა ტალახაძე ოლიმპიელთა რჩეულია
ლაშა ტალახაძე ოლიმპიელთა რჩეულია
26.12.2019
ავტორი: გურანდა გურასაშვილი

ოლიმპიური თამაშების წლის დადგომამდე, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები გამოავლინა. სეოკ-ის ტრადიციულ წინასაახალწლო ცერემონიაზე, როგორც წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარეობდა საუკეთესოდ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს. ტალახაძემ, ოლიმპიური კომიტეტის დელეგატთა ხმათა უმრავლესობა მიიღო (ხმის უფლების მქონე 68 დელეგატიდან ლაშა ტალახაძეს 46 ხმა ერგო. ტალახაძეს კონკურენციას გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი უწევდნენ), ხოლო საუკეთესოს ტიტულს, ოლიმპიელთა ვერსიითაც მეოთხედ დაეუფლა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.


2019 წლის საუკეთესო მენეჯერად  ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი დაასახელეს. სწორედ, კახიაშვილის ხელმძღვანელობის დროს,  ქართული ძალოსნობა ახალ სიმაღლეზე ავიდა.


დაჯილდოების ცერემონიაზე 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენად დასახელდა ირმა ხეცურიანი.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესოები:

  • წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა) - ეთერ ლიპარტელიანი

  • წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი) - ლუკა მაისურაძე

  • საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში - გოგა ბითაძე

  • საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში- მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

  • საუკეთესო მწვრთნელი- გიორგი იანტბელიძე

  • ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი თენაძე

  • რეგიონალური ორგანიზაცია- ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია (ხელმძღვანელი თამაზ გველუკაშვილი).

  • საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნინო სალუქვაძე

  • საუკეთესო სპორტული მენეჯერი - საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი

  • საუკეთესო სპორტული ფედერაცია - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

  • ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

  • ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები - ,,საქართველოს ბანკი", ,,ავერსი", ,,თელიანი ველი".


აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვთ: ნინო სალუქვაძეს(ტყვიის სროლა), გიორგი მელიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძეს (თავისუფალი ჭიდაობა). მათ დღეს, ოლიმპიელთა თავყრილობაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობები გადაეცათ.


გურანდა გურასაშვილის ფოტო