
ქუთაისის ხელისუფლება იტალიელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, კათოლიკური შობის დასრულებას ელის. თუმცა, თუ კათოლიკურ შობას, მსოფლიო მასშტაბის უქმეები, საახალწლო დღეები და მერე, ჩვენი მართლმადიდებლური შობა დაემატა, ქუთაისის „ტორპედოს" ბედის „გარკვევა" მინიმუმ 8 იანვრამდე გადაიდება. მთავარია, ტრადიციული ქართული საახალწლო განწყობა ნათლისღებამდე არ გაგრძელდეს, რადგან ამ შემთხვევაში, „ტორპედოს", რომელიც ახალი, 2020 წლის სეზონისთვის სულ მცირე, აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანისა და ფიზმომზადების მწვრთნელის, შალვა ღონღაძის გარეშე მოუწევს შეკრება, არსებული ფინანსური პრობლემების გარდა, საკადრო პრობლემების წინაშეც დადგება, რომელთა მოგვარებაც დაჩქარებული ტემპით მოუწევთ.
ქუთაისის „ტორპედოში" აცხადებენ, რომ იმერული კლუბის ყოფნა, არყოფნის საკითხის განხილვა, 2020 წლის 6 იანვრისთვის იგეგმება. განხილვა და არა გადაჭრა. ალბათ, ამ დეტალსაც იმიტომ ვაკონკრეტებთ, რომ 6 იანვარს, კონკრეტული პასუხის მოლოდინში არ ვიყოთ. „ტორპედოში" დარჩენილი ხელმძღვანელობა და ფეხბურთელების ნაწილი, პერმანენტულად ქალაქის მერსა და რეგიონის გუბერნატორსაც ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი „მუშა" - შეხვედრა, ქუთაისის სახელისუფლებლო შენობაში, დღესაც შედგა. თუმცა, ტრადიციული პასუხის გარდა, რომ იტალიაში, „საშობაო არდადეგების" მიუხედავად „ტორპედოს" პოტენციურ ინვესტორთან „ინტენსიური კონტაქტია" და მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს 2020 წლის 6 იანვარს შეაჯამებენ, სიახლე არაფერია.
ვიდრე იტალიაში, „ტორპედოს" პოტენციური პარტნიორები საშობაო არდადეგებზე არიან და ჩვენის აზრით, ეს დეტალები მოლაპარაკებების ერთ-ერთ მხარეს, ქუთაისის ხელისუფლებასაც უნდა გაეთვალა, „ტორპედოს" გულშემატკივრები, კლუბის გადასარჩენად, რადიკალურ მოქმედებებზე გადადიან. „ტორპედოს" გადასარჩენად, დღეს, ქუთაისში, გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ერთობლივი აქცია გაიმართა. აქციაში კლუბის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებიც კი, ჩაერთნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული პრო-ლიცენზია ქუთაისის „ტორპედომ" ოფიციალურად, 2019 წლის 16 დეკემბერს მიიღო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყველაზე ტიტულოვან იმერული კლუბს უფლება მიეცა 2020 წლის სეზონზე ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს, „ტორპედოს" ფინანსური პრობლემები, დღის წესრიგიდან არ ამოშლილა.
აღნიშნული პრო-ლიცენზიის მოპოვების მიუხედავად, „ტორპედო" კვლავ ლიცენზიის გამცემის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ რჩება. ეს ნიშნავს, რომ კლუბში, მიმდინარე მოვლენები მკაცრად გაკონტროლდება. „ტორპედოს" მიღებული ლიცენზიის საფასური ამ დრომდე, კვლავ არ გადაუხდია. სფფ-ს ყველა მცდელობის მიუხედავად, დაეხმაროს იმერულ გუნდს და ამ მიზნით, გამონაკლისის სახით, თანხის გადახდის თარიღი რამდენჯერმე გადაუვადა, ვადის გასვლის და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რამდენიმე ლიგით დაქვეითება ემუქრება.





ჩვენ








