
თბილისის ალპურ კლუბში, რომელიც ვერის ბაღში ათწლეულებია მდებარეობს, ქართული ალპინიზმის რამდენიმე თაობა დღეს, 2018 და 2019 წლების საუკეთესო ქართული ექსპედიციების გამოსავლენად შეიკრიბნენ. უშუალოდ და ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, ისე, როგორც ეს მთამსვლელებს ჩვევიათ, ალპური კლუბის მუზეუმში, სადაც ქართველ მთამსვლელთა თაობების მუდმივმოქმედი ექსპოზიციაა, მთამსვლელებმა, კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი აღნიშნულ წლებში ჩვენი ახალგაზრდა მთამსვლელების ასვლებს. თუმცა, ვიდრე, მათ შესახებ გიამბობთ, გეტყვით, რომ დღეს, ქართული ალპინიზმის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის ვეტერანი ქართველი მთამსვლელი და მრავალი თაობის „მთით მომწამვლელი", 81 წლის შოთა მირიანაშვილი დააჯილდოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მთამსვლელობას, სპორტის ერთ-ერთ ყველაზე რისკიან სახეობას, გულშემატკივარი ნაკლებად ჰყავს, წლიდან წლამდე ახალი სახეები ემატებიან. მთაში, თანა მეწყვილის გამხნევება, ხშირად წარმატებული ასვლისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, ვეტერანების გვერდით, ახალბედებსაც არ ივიწყებს. 2019 წლის დებიუტანტი, ქუთაისელი მთამსვლელი თემო ქურდიანი გახდა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციამ ტრადიციულად 2018 და 2019 წლების სპორტულ ანგარიშიც წარადგინა. ჭაუხის მასივის მწვერვალები, შხარა, მატერჰორნი, ნანგა პარბატი, ამა დაბლამი, ეს იმ მასივების და მთების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დალაშქვრაც შესძლეს ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.
ცოტამ თუ იცის, რომ 2018 წელს, ქართველ მთამსვლელთა წყვილმა, პირველად, მწვერვალ ასათიანის სვეტის, მთამსვლელურ წრეებში „ასათიანის სტოლბის" სახელით ცნობილი 6-იანი კატეგორიის სირთულის მარშრუტი ზამთრის პირობებში გაიარეს. ამ ზამთრის ასვლისთვის სპეციალური პრიზებით ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯიშვილი დააჯილდოვეს.

ამის შემდეგ ჯერი, მთავარ პრიზებზე, „ოქროს წერაყინზე" მიდგა. აქ, ზურა და ბექარის კონკურენციას, ახალგაზრდა მთამსვლელთა მეორე გუნდი, არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძის 2018 წლის ნომინაციებში და 2019 წელს, ამ წყვილს დამატებული ბაქარ გელაშვილი ედავებოდნენ.
2018 წლის „ოქროს წერაყინი", ზამთრის შხარაზე ახალი მარშრუტის გავლისთვის არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ დაისაკუთრეს. 2019 წლის საუკეთესო ასვლად კი, ჰიმალაებში, მწვერვალ მანასლუს მასივში მდებარე ორი აუსვლელი მწვერვალის დალაშქვრისთვის ბაქარ გელაშვილთან ერთად, კვლავ არჩილ ბადრიაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს ერგოთ.

ცერემონიამ, 2019 წლის ექსპედიციების ამსახველი ფოტოების ფონზე ჩაიარა. დაჯილდოებაზე მოსულმა საზოგადოებამ კი, ნომინირებული ექსპედიციების შესახებ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებიც იხილა. აქვე, დავძენთ, რომ ფედერაციამ დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ სპონსორს, რომელიც ქართულ ალპინიზმს გვერდში უდგას.





ჩვენ








