
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს გალა-დაჯილდოებაზე ქალთა ფეხბურთისთვის განკუთვნილი ნომინაციებიდან 3 გამოარჩია. ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელად, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „ლანჩხუთის" მთავარი მწვრთნელი რევაზ კუკულაძე გახდა. სწორედ, მისი გუნდის ფეხბურთელმა თამრიკო სალუქვაძემ 2019 წლის სეზონზე ყველაზე მეტი, 32 გოლი გატანა, 18 შეხვედრაში მოახერხა.
„ლანჩხუთის" ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ მიიღო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის წოდებაც. აღნიშნულ ნომინაციაში მას კონკურენციას მისივე თანაგუნდელი თეონა თოდაძე და ქუთაისის „მართველს" ფეხბურთელი, ლანა გორგაძე უწევდნენ.
„ნამდვილად არ ველოდებოდი. საკმაოდ სასიამოვნო და ამაღელვებელი გრძნობა იყო. ვფიქრობ, „ლანჩხუთმა", ერთმანეთის დახმარებით მივაღწიეთ დასახულ მიზანს. მომავალში ბევრი გამოცდა გველის. „ლანჩხუთს" ქალთა ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე უწევს თამაში. თავდაუზოგავი შრომით, შევეცდებით, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ 2020 წლის ჩემპიონატზეც და ევრო-ტურნირზეც", - აღნიშნა ხატია ჭყონიამ TSFF.GE -სთან საუბარში.

ხატია ჭყონია, 2019 წლის სეზონზე "ლანჩხუთს", ჩემპიონატის დაწყებიდან, რამდენიმე ტურის შემდე შეუერთდა, თუმცა მალევე შეძლო გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება. შესაძლოა, ჩემპიონატის მსვლელობისას, მას ბევრი გოლი არ გაუტანია, მაგრამ ხატიას მსგავსი ფეხბურთელები, როგორც ქალთა, ისევე ვაჟთა გუნდებში ხშირად ძალიან დიდ და დაუნახავ სამუშაოს ასრულებენ. ამდენად, ის, რომ შრომა დაუფასდა გასახარია. ამას გარდა, ქალთა ფეხბურთში, რომელიც ახლა ვითარდება, მსგავსი აღიარება, ქალ ფეხბურთელებში მოტივაციის გაზრდისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ხატიას მსგავსად, „ძველი" თაობის ქალი ფეხბურთელი გახდა 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ხმათა უმრავლესობით, ეს ტიტული ესპანური „ტენერიფეს" ქართველმა ლეგიონერმა ტატა მატვეევამ მიიღო. მატვეევა, ქართველი ქალი ფეხბურთელებისგან ის გამონაკლისია, რომელიც მაშინ, როდესაც არაა ტრავმირებული ეროვნული ნაკრების ყველა გამოძახებაზე ახერხებს, ნაკრებთან ერთად ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩის თამაშს. ასე იყო, როდესაც ტატა ნორვეგიაში თამაშობდა და ახლაც, როდესაც ესპანეთშია.

„2019 წლის ჩემი წლევანდელი სეზონი გრძელდება. ტრავმებით დავიწყე, თუმცა მალევე მოვახერხე ფორმაში შესვლა. ახლა, სეზონი მშვენივრად „მიდის" და ჯერ არ დასრულებულა. ეს ჯილდო, ჩემთვის, ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, უფრო მეტად მიხარია, რომ ყურადღება ხალხისგან, მათი გვერდში დგომა და მათ მიერ გამოგზავნილი მოლოცვები. სიმართლე გითხრათ, ყურადღება, რაც ამ ჯილდოს მოყვა, იმ ყურადღებას არ ველოდი და მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველას. ამით, კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცეს და მომავალი, ბევრი წარმატების ჟინი და ენერგია მომცეს", - ამბობს ტატა მატვეევა TSFF.GE -სთან საუბარში.
ესპანური „ტენერიფესა" და საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანს ტატა მატვეევას, ისევე როგორც ეროვნული ნაკრების ქალ ფეხბურთელებს, ხატია ჭყონიასა და 2019 წლის ეროვნული ლიგის ბომბარდირს თამრიკო სალუქვაძეს, ახალი გამოწვევები, 2020 წლის მარტში ელით, როდესაც ევრო შესარჩევზე, სქართველოს ქალთა ნაკრებს ისრაელისა და მალტის ნაკრებების წინააღმდეგ უწევთ თამაში.





ჩვენ








