ბერიშვილს 26 ქულა და გამარჯვება MVP-ის ტიტულით დაუფასდა
ბერიშვილს 26 ქულა და გამარჯვება MVP-ის ტიტულით დაუფასდა
30.12.2019
ავტორი: ი.პ.

მიშა ბერიშვილი და გიორგი შერმადინი


გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლო ადგილზე მყოფ ალ სადს სტუმრად 83:71 მოუგო, რაშიც ქართველმა ლეგიონერებმა დიდი როლი ითამაშეს.


ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ორამაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირიც გახდა. 40:00 წუთში მიხეილის მონაგარი 26 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 4 ჩაჭრა იყო.


ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. სარგებლიანად გაისარჯა ცინცაძეც, რომელმაც 37:06 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.


ქართველმა უკანახაზელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა ჰქონდა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.


ალ შამალმა ექვს ტურში 4 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 1 იანვარს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ყატარ სპორტთან ჩაატარებს.




გიორგი შერმადინი


წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გიორგი შერმადინის "ტენერიფე იბეროსტარისთვის". კუნძულელებმა წააგეს, თუმცა ქართველი თავისიანთაგან კვლავ საუკეთესო იყო.


ლიგა ენდესას მე-15 ტურში ტენერიფე სტუმრად ვალენსიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 91:98 დანარცხდა. ქართველ ცენტრს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა ის მალევე გამოჩნდა მოედანზე და ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. 


გიორგიმ მოედანზე 25:59 წუთი გაატარა და 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა ლეგიონერმა 13-დან 7 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.


ტენერიფელებს 9 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი შეინარჩუნეს, მომდევნო მატჩს კი 5 იანვარს, შინ, ფუენლაბრადასთან ჩაატარებენ.




დუდა სანაძე

2019 წლის ბოლო მატჩში დუდა სანაძემ შედეგიანად ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. სანაძის ოლივეირენშე ოვარენშეს ხვდებოდა და აუტსაიდერთა შორის მყოფი მეტოქე 87:69 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24:08 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ოლივეირენშე 10 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება და კვლავაც მხოლოდ პორტუგალიურ გრანდებს - სპორტინგს, ბენფიკასა და პორტუს ჩამორჩება, რომელთაც თითო-თითო წაგება აქვთ. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 4 იანვარს, სტუმრად მაიასთან გამართავს.