
საქართველოს 17-გზისა და მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა" დღეს, ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, 2020 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. დინამოელთა ახალი მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის პირველ ვარჯიშზე ერთდროულად „დინამო თბილისის" ძირითადმა და 19-წლამდე შემადგენლობებმა ივარჯიშეს.
„დინამო თბილისის" რიგებში სადებიუტო ვარჯიში ჰქონდა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ მეკარეს როინ კვასხვაძეს. ასევე, გუნდთან ერთად ივარჯიშა ომარ მიგინეიშვილმა, რომელიც დედაქალაქელთა რიგებში 2014-2015 წლების სეზონზე გამოდიოდა, ახალ კი, „დინამო თბილისის" რიგებში 2020-ის სეზონის ბოლომდე იქნება. „დინამო თბილისის" შემადგენლობაში ივარჯიშა დღეს, ნიკა სანდოხაძემაც.
ერთწლიანი იჯარის შემდეგ, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა გიორგი კუციაც. გიორგი პაპავამ კი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ჰქონდა დასრულებული, ახალი შეთახმება კიდევ ორი წლით, 2022-მდე გაახანგრძლივა.
დღევანდელ ვარჯიშს, ავადმყოფობის გამო, რამდენიმე მოთამაშე აკლდა, თუმცა, „დინამო თბილისის" გულშემატკივარი გვინდა დავაიმედოთ, რომ ამ ეტაპზე კლუბში, არც ერთი ფეხბურთელი ტრავმირებული არ არის. გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს ლევან მჭედლიძე, გიორგი ქიმაძე და ბაქარ ქარდავა, რომლებსაც 2019 წლის სეზონის ბოლის ტრავმები აწუხებდათ.
კახა ჩხეტიანს, სეზონის პირველ ვარჯიშზე, თბილისელთა სამწვრთნელო შტაბთან ერთად ახალი მწვრთნელები გიორგი დეკანოსიძე და შალვა ღონღაძე ეხმარებოდნენ.
დინამოელები, 16 იანვრამდე თბილისში მოემზადებიან, შემდეგ კი, ერთი თვით შეკრებას თურქეთში გაივლიან. შეგახსენებთ, რომ ახალ საფეხბურთო სეზონს „დინამო თბილისი" ოფიციალურად საქართველოს სუპერთასის შეხვედრით გახსნის.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, დინამოელთა რიგები ესპანურმა „ლეგიონმა", ასევე, ლევან კუტალიამ, მათე კვირკვიამ, სერჰეი ლიტოვჩენკომ და მიჰაილო შიშკამ დატოვეს. ფეხბურთელებს „დინამო თბილისთან" კონტრაქტები ამოეწურათ.





ჩვენ








