ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან
09.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები. ჩვენი გუნდი, 12-26 იანვრის ჩათვლით, ბუდაპეშტში მიმდინარე პირველობაზე D ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები, იტალიის, საბერძნეთისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.


პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 14 იანვარს, ფრანგების წინააღმდეგ გამართავენ და მატჩი, თბილისის დროით 19:00 დაიწყება.


ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორი მატჩის განრიგი ასეთია: 16 იანვარი, 19:00 საათი საბერძნეთი-საქართველო; 18 იანვარი, 17:30 საათი იტალია-საქართველო.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატისათვის მზადების პროცესში, რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა. კერძოდ,  მონტენეგროში სამი ტესტ მატჩიდან ორში, მონტენეგროსთან და საფრანგეთთან დამარცხდა, გერმანია კი დაამარცხა.


უნგრეთში გამგზავრებამდე, ჩვენმა წყალბურთელებმა, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი თბილისში, „ოლიმპიკის" საცურაო აუზზე გაიარეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მეოთხე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.