გაბელიას მე-12 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გაბელიას მე-12 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
04.10.2017
ავტორი:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და ყაზახეთის „ბიიკ კაზიგიურტის" თავდამსხმელმა გულნარა გაბელიამ, უეფას ქალთა ჩემპიონატებში ჩემპიონთა ლიგაზე მე-12 გოლი გაიტანა.

გაბელიას გუნდმა დღეს, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში შოტლანდიური  „გლაგზო სიტის" კარი აიღო.  გაბელიას გუნდმა შოტლანდიელებს სახლში, შიმკენტში 3-0 მიუგო და ახლა, განმეორებით შეხვედრას ელოდებიან, რომელიც 12 ოქტომბერს, შოტლანდიაში გაიმართება.

„უეფას ჩემპიოთა ლიგის გათამაშებაში, ჩემი ყაზახური გუნდი, წელს მეხუთედ მონაწილეობს. სამწუხაროდ ჯერ, მხოლოდ, 1/8 ფინალის ბარიერია, სადამდეც ჩემი გუნდი ახერხებს გასვლას. თუმცა, წელს იმედი გვაქვს, რომ ამ ნავსს გავტეხთ" - ამბობს გულნარა გაბელია.

„გლაზგოსთან" დღევანდელ შეხვედრაში გოლები მეორე ტაიმში 48, 54 და 58-ე წუთებზე გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა შოტლანდიელთა კარი მესამემ აიღო.

„პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა. ვერადავერ ავაწყეთ თამაში. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. რომ ვთქვა, მწვრთნელმა გასახდელში, რამე განსაკუთრებული გვითხრათქო, არა. უბრალოდ, ჩვენ გვქონდა წინ მთელი 45 წუთი და ჩვენს წინაშე იყო ამოცანა - გაგევტანა გოლი. გამოგვივიდა. მეორე ტაიმის სტარტზევე, საკმაოდ ტექნიკური გოლები გავიტანეთ. ამის შემდეგ, დავმშვიდდით და მატჩი ბოლომდე მივიყვანეთ. მოგებას, ვიმსახურებდით. ყოველთვის კარგია გამარჯვება, განსაკუთრებით, როცა ტრიბუნაზე ჩვენი გულშემატკივარია და იქიდან გვეხმარება. „გლაზგო" კარგი გუნდია. ჩვენთვის არ იყო მათ წინააღმდეგ ადვილი თამაში. საპასუხო შეხვედრაში, ასევე გაგვიჭირდება, თუმცა ყველა ღონეს ვიხმართ, რომ 1/8 ფინალში გავიდეთ", - ამბობს გულნარა გაბელია.

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „გლაგზოს" კარში გატანილი გოლი გაბელიასთვის მესამეა. მანამდე უნგრულ MTK-სა და კოსოვოს „ჰაივალიას" გაუტანა. 2016-2017 წლების გათამაშებაში გაბელიას 7 გოლი ჰქონდა გატანილი და გოლეადორ ქალთა 10-შიც იყო. ამ წელს გაბელიამ „ვერონას" 3-ჯერ გაუტანა, ხოლო კიდევ ერთ წლით ადრე, ამავე გათამაშებაში, ქალთა „ბარსელონას" კარიც აქვს აღებული.