ოცწლეულის მთავარი მატჩი
ოცწლეულის მთავარი მატჩი
15.01.2020
ავტორი: ხელბურთის ფედერაციის ინფორმაცია

ხვალ, 19 საათზე,  თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთს ეთამაშება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო შეხვედრა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა.  


ჩვენი ეროვნული გუნდი იმყოფება ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე: საქართველო - ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული მოიპოვებს ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას.  საპასუხო მატჩი 19 იანვარსაა ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში.


ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში  საქართველოს ნაკრები წლეულსვე გადავა უფრო მნიშვნელოვან ასპარეზზე:  2020 წლის ოქტომბრიდან თბილისში გვეწვევიან ევროპის უძლიერესი გუნდები.  ეს იქნება თვისობრივად ახალი დონე ქართული ხელბურთისთვის, შეიძლება ითქვას, ელიტაში მოხვედრა. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო წლებში დიდი შრომა გაიწია და, ჩვენი ეროვნული გუნდიც, მზადაა ამოცანის შესასრულებლად.


მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია - არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი - ანუ 32-დან 20 ნაკრები. შესაბამისად,   ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესს.


სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. პირველ არხზე ზუსტად ამ დროს საბერძნეთ-საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებების თამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან, თუმცა, იქნება პირდაპირი სტრიმი მაუწყებლის იუთუბის არხზე და ფეისბუკზე.