
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის, მეორე შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის პირველი რაუნდი გამართა ფინეთის ეროვნულ ნაკრებთან და ფრედ, 24-24 ითამაშა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში გაუჭირდა, როდესაც ფინელები 3-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. თუმცა, ამ მომენტის შემდგე, ლიდერთა მონაცვლეობით, თითოეული გუნდი შიგადაშიგ 2 ბურთიანი სხვაობით გადიოდა წინ. იყო მომენტი, როდესაც ქართველთა გუნდი, რამდენჯერმე 4 ბურთითაც გაიქცა. თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 24-24 დასრულდა.

„საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, სადაც ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და მათ ასეთი მატჩების თამაშის პრაქტიკა აკლიათ. რამდენიმე მომენტში დავუშვით შეცდომები, რომელმაც შედეგზე იმოქმედა. თუმცა, მე მჯერა არ გუნდის, რომელსაც შესწევს უნარი დაძლიოს წინააღმდეგობები. ასე, რომ საპასუხო შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვებისთვის გავალთ", - ამბობს თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი.

საქართველოს ნაკრების რიგებიდან, საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 8 გოლი გაიტანა, ერეკლე არსენაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის ანგარიშზე კი, 5-5 გოლია. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც, სწორედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.
საქართველო-ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მიიღებს. თუმცა, ამისთვის საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინურ რიიჰიმიაკიში, თუნდაც 1 ბურთიანი სხვაობით, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. საპასუხო მატჩი 3 დღეში, 19 იანვარს ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები: თევზაძე (15 მოგერიება), ცინცაძე - ცხოვრებაძე 8, არსენაშვილი 5, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 3, რუსტამოვი 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, კბილაშვილი, მაისურაძე, აბრამიშვილი, კალანდაძე, მიქავა, გოგოლაძე.





ჩვენ








