„ოლიმპი“ და „დინამო“ დადიანის მემორიალის ფინალს დღეს ითამაშებენ
„ოლიმპი“ და „დინამო“ დადიანის მემორიალის ფინალს დღეს ითამაშებენ
06.10.2017
ავტორი:

დღეს 17:00  საათზე, დუდუ დადიანის რიგით მე-16 მემორიალის გამარჯვებული გამოვლინდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთის პირისპირ „ოლიმპი" და თბილისის „დინამო" წარსდგებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სკ „ვითას" კაპიტნის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, 2002 წელს, ტრაგიკულად დაღუპული დუდუ დადიანის ხსნოვნის ტურნირის გამარჯვებული, თბილისის „დინამო" ორჯერ - 2002 და 2016 წლებში გახდა, „ოლიმპი" კი ამ ტიტულისთვის დღეს, პირველად იბრძოლებს.

დადიანის მემორიალის მე-16 გათამაშების ფინალამდე, თბილისის „დინამო" რომელიც მალე ევროტურნირებზე, ახლა ტურნირში გააგრძელებს ასპარეზობას 3 გამარჯვებით მოვიდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ჯგუფში „თსუ-ჰიუნდაი" დაამარცხა, „მგზავრების" გამოუცხადებლობის გამო კი გუნდს, ტექნიკური მოგება ჩაეთვალა. ბოლოს, ½ ფინალში კი ტრადიციული მეტოქე „ქუთაისი" დაამრაცხა.

„დინამო" და „ქუთაისი" ერთმანეთს რამდენიმე დღეში, კიდევ შეხვდებიან და მიმდინარე წელს, სუპერთასის გამარჯვებულს გამოავლენენ. მანამდე კი, დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი ამ კლუბების დაპირისპირების შინაარსიდან გამომდინარე, ტრადიციულად და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოგეხსენებათ, „დინამო" სექტემბრიდან ევროტურნირებზე ასპარეზობს და მომზადების მხრივ, სულ ცოტა, ერთი ნაბიჯით წინაა, კოტე ტუღუშის „ქუთაისთან" ,  რომლის შემადგენლობაც 6-მა მოთამაშემ დატოვა და კლუბი ჯერ, ფორმირების სტადიაშია.

მიუხედავად ამისა, ამ წყვილის ½ ფინალური შეხვედრა ზუსტად იმ მუხტს ატარებდა, რასაც საკალათბურთო დარბაზში მოსული მცირერიცხოვანი გულშემატკივარი ელოდა. მოვლენებს წინა არ გავუსწრებთ, მაგრამ რომ არა წილისყრა, „დინამოსა" და „ქუთაისის" შეხვედრა, ისევე, როგორც ბოლო წლებშია მიღებული, ფინალის ტოლფასი უფრო იყო. შეხვედრის ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო, თუ რომელი გუნდი გამოვიდოდა ამ წყვილში გამარჯვებული და ეს, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო" მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა.

თბილისელებმა, პირველი მეოთხედი 23-18 მოიგეს, მეორე პერიოდი მართალია 11-12 წააგეს, მაგრამ ტაიმი 4-ქულიანი სხვაობით 34-30 მოიგეს. დინამოელთა შორის ილია ლონდარიძეს (საბოლოოდ 13 ქულა)  და ლეგიონერ ნიკოლა გაჩეშას (ასევე 13 ქულა) გამოვყოფდით. თუმცა, თბილისელთა შორის ყველაზე მეტი 15 ქულა ბოიდმა დააგროვა. ამ შეხვედრაში კი ყველაზე შედეგიანი „ქუთაისში", რუსული „ნოვოსიბირსკიდან" დაბრუნებული აკაკი დვალიშვილი იყო. მის ანგარიშზე 17 ქულა, 12 მოხსნაა. აქვე, კიდევ ცოტა, ამ მატჩის სტატიტიკიდან - ქუთაისელთა შორის 10-10 ქულა მიითვალეს ბექა ბექაურმა და ჯონათან ლიმ, ხოლო დინამოელთაგან, კაილ ტურპინმა 9 ქულა, 7 დაფარება და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

მომდევნო პერიოდი ფრედ 22-22 დასრულდა, თუმცა შეხვედრაში, კვლავ დინამოელები 56-52 ლიდერობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, კულმინაცია დასკვნითი, მე-4 მეოთხედის ბოლო წუთებზე და წამებზეც კი მოვიდა. ორივე გუნდში, იმატა შეცდომებმა და ალბათ, „დინამოს" ერთ-ერთი ასეთი შეცდომის დროს, ქუთათური  გიორგი ბარბაქაძე ზუსტი, რომ ყოფილიყო, შესაძლოა თამაში სხვა ეტაპზეც გადასულიყო. თუმცა დინამოელებმა ეს მეოთხედი 3 ქულით (15-18), შეხვედრა კი  7-ქულიანი სხვაობით 74-67 მოიგეს და დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ½ ფინალი იყო და ფინალის საგზურისთვის ვთამაშობდით. სასურველი ფორმიდან შორს ვართ ჯერ კიდევ, თუმცა წელს, „ქუთაისსა" და „დინამოს" ხშირად მოგვიწევს ერთმანეთთან თამაში. წინ გვაქვს მთელი სეზონი. რაც შეეხება „ოლიმპს", მეტნაკლებად გვაქვს ინფორმაცია ამ გუნდზეც. კარგი გუნდია, შევეცდებით ძალები აღვიდგინოთ და ვითამაშოთ ღირსეულად. უკეთესად, ვიდრე დღეს", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.

„ჯერ სრულად შეთამაშებულები არ ვართ.  თუმცა გუნდი, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. ძალიან ძლიერი გუნდის „ქუთაისის" დამარცხება შევძელეით და ეს, დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მოვახერხეთ. ხვალაც, შევეცდებით ფინალში „ოლიმპს" მოვუგოთ", - ამბობს ლევან ფაცაცია.

"ოლიმპმა" კი ½ ფინალში „რუსთავი" 8-ქულიანი სხვაობით დაამარცხა 83-75 და დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფურ ეტაპზე, რუსთაველებთან წაგებული შეხვედრისთვისაც კომპენსაცია გაიკეთა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ½ ფინალში „ოლიმპი" საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდის რანგში გადავიდა.

„რუსთავისა" და „ოლიმპის", ერთდღიანი შუალედით, მეორე დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. „ოლიმპმა" მატჩი სოლიდური უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი 26:16 მოიგო. მეორე მეოთხედში კი 20-ქულიან ლიდერობასაც მიაღწია. თუმცა, რუსთაველებმა ეს ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს და მეორე მეოთხედი ქულიანი სხვაობითაც კი მოიგეს (19-18), თუმცა ტაიმი 44-35 წააგეს.  მესამე პერიოდის დასაწყიში „რუსთავმა" 10, ხოლო „ოლიმპმა" მხოლოდ 1 ქულით მოახერხა წინ წაწევა და შედეგად, მატჩის ანგარიში გათანაბრდა 45-45. შეიძლება ითქვას, ამ მომენტიდან, თამაში თავიდან დაიწყო. პერიოდის მიწურულს, „ოლიმპმა" კვლავ მოახერხა თამაშში დაწინაურება 58-52, თუმცა ეს პერიოდი წააგო (14-17). ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში, რუსთაველებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომების გამო, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის მიღმა დარჩნენ.

„ოლიმპში", მერაბ ბოქოლიშვილი (26 ქულა საბოლოოდ) და მარკ ენტონი (26 ქულა, 10 მოხსნა) გამოირჩეოდნენ. „რუსთავში" საუკეთესოებმა -  პოლ კუპერმა (16 ქულა, 14 მოხსნა) და ტაირელ ნელსონმა (15 ქულა, 12 მოხსნა)  კი ორმაგი დუბლები გაიფორმეს.

დუდუ დადიანის რიგით მე-16 მემორიალის ფინალი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „დინამოსა" და „ოლიმპს" შორის დღეს, 17:00 დაიწყება.