
ქალთა შორის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს საქართველო 2020 წლის 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ამ დროის მანძილზე საქართველოში აღნიშნული ასაკის 8 გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორის ერთ-ერთი, მასპინძელი, საქართველოს გოგონათა ნაკრები იქნება.
„ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, სადაც ჩვენი 19-წლამდე გოგონათა ნაკრებიც იასპარეზებს, გეგმა გაწერილია. ამ გეგმის მიხედვით, ივლისამდე გუნდი რამდენიმე შეკრებას გამართავს. პირველი შეკრება 22 იანვრიდან დავიწყეთ და აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ, ორი თამაშისთვის ვემზადებით, რომელიც 27 და 29 იანვარს თბილისში გაიმართება. ამის შემდეგ, აპრილში თბილისი, ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გარდა, უკრაინის, ბელარუსის და ესტონეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. უკვე, უშუალოდ ევრო 2020-ის წინ, კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას ვგეგმავთ, ამჯერად მოლდოვას ნაკრებთან. 20 ივლისიდან კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩავერთვებით", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, ქალთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი TSFF.GE-სთან საუბარში.
ქალთა ნაკრების თავკაცმა, ამ შეკრებაზე 19 ფეხბურთელი გამოიძახა: მეკარეები: სვეტლანა გაბელია, ვარდო ცაგურია („მართვე", ქუთაისი), მცველები: ანა ჯოჯუა („ნიკე", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, ელენე რაუხი, მეგი ეჯიბია („ნიკე", თბილისი), ანი მინაძე („ნორჩი დინამო", თბილისი), ანი ძაძუა; ნახევარმცველები: ნათია დანელია („ნიკე", თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე („ნიკე", თბილისი), ანა წულაია („კოლხეთი", ხობი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია („ნიკე", თბილისი), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო", თბილისი), ანი აკობიძე („ნიკე", თბილისი); თავდამსხმელები: მეგი გოცირიძე, ანა მოზაიძე („ნორჩი დინამო", თბილისი), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი").
ჩვენი ნაკრები 2020 წლის პირველ სპარინგებს 27 და 29 იანვარს ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართება. ორივე შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








