ჰაწვალმა საქართველოს თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა
ჰაწვალმა საქართველოს თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა
28.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

ჰაწვალზე, სვანეთში, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი ჩატარდა. სამთო-სათხილამურო სპორტში, 2020 წლის მთავარი შეჯიბრის ფარგლებში, რამდენიმე ეტაპი გაიმართება. წინასწარი გეგმით, იანვარში აღნიშნული ასპარეზობის მორიგი ეტაპი იგეგმებოდა, თუმცა, უამინდობის გამო, 25 იანვარს, ჰაწვალმა, 2019 წლის დეკემბრის ეტაპს უმასპინძლა.


პირველმა ეტაპმა, რომელმაც 2 დღეს გასტანა, საერთო ჯამში 60-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. შეჯიბრი, სამ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის ჩატარდა და ეტაპის გამარჯვებულები ტრადიციულად სლალომსა და გიგანტურ სლალომში გამოვლინდნენ.


ასპარეზობაში, თავდაპირველად სლალომის მონაწილეები ჩაერთვნენ და მედლების 6 კომპლექტი გაითამაშეს. 2006-07 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის საუკეთესო ლიზა გაავა იყო, იმავე ასაკის ვაჟებში კი, ლუკა დულათმა გაიმარჯვა. 2004-05-იანებში გამარჯვებები მარი ჩოგაძემ და ლუკა ბუჩუკურმა იზეიმეს. უფროსი ასაკის მოთხილამურეთა შორის კი, პირველი ადგილები კატო გოცირიძესა და ნიკოლოზ გაგაძეს ერგოთ.


ანალოგიური მედლების რაოდენობა გათამაშდა ეტაპის მომდევნო დღეს, მეორე დისციპლინაში გიგანტურ სლალომში. ყველაზე უმცროს ასაკში საუკეთესონი იყვნენ ნატა მეხეშიძე და ლუკა დულათი. 2004-05 წლებში დაბადებულებს შორის მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა იმარჯვეს. უფროსებში კი, პირველობა არავის დაუთმეს კატო გოცირიძემ და ირაკლი არღვლიანმა.


საქართველოს თასის გათამაშების მომდევნო ორ ეტაპს გუდაური უმასპინძლებს, შეჯიბრებები 7-8 და 21-22 მარტს გაიმართება. დასკვნითი ეტაპი კი, კვლავ  სვანეთში, 10-11 აპრილს გაიმართება და 2020 წლის საქართველოს თასისი მფლობელთა ვინაობაც მაში გაირკვევა.


სათხილამურო ფედერაციის ფოტო