
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ქართველებმა, პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები, დაძაბულ ბრძოლაში 1-3 დაამარცხეს.
„ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:" „ადრეც ვამბობდი და ფაქტით დადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ განვლილ ხუთ თამაშში გერმანიასთან ჩვენ ვიმარჯვეთ, დღეს მარტივი არ იქნებოდა სამი ქულის აღება. დიდი ხანია ამ ნაკრებს ვამუშავებთ. ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვეკადრება, თუმცა პროცესშივე გადავეწყვეთ და გამოვასწორეთ შეცდომები. თამაშის ხარისხს დროთა განმავლობაში გამოვასწორებთ, პირველ მატჩში მთავარი აქცენტი შედეგზე გვქონდა გაკეთებული. ხვალ ავსტრიის ნაკრებს ვხვდებით და ერთი წამითაც არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ამ სპორტში ეს ძალიან ისჯება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში, ანგარიში მე-5 წუთზე გერმანელებმა გახსენეს, ჩვენებმა მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. გოლი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში კი, ჯერ თალესმა, შემდეგ კი ვახტანგ ჯვარაშვილმა ანგარიშში სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, ორივე გუნდს ჰქონდა გოლების გატანის შესაძლებლობები. თუმცა, თუ გერმანელთა სასარგებლოდ ქართველები იყვნენ არაზუსტნი, გერმანელთა მწვავე მომენტებს, ჩვენი ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე იგერიებდა. ის, დღევანდელ შეხვედრაში, ქართველთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„დისციპლინირებული მეტოქე გვყავდა. ჩვენ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ველოდით დაძაბულ თამაშს. პირველ ტაიმში არ გვიმართლებდა, ჩვენი დარტყმული ბევრჯერ მოხვდა ძელს. ანგარიში თავიდან გერმანელებმა წაიყვანეს, ძალიან კარგი კონტრშეტევები ჰქონდათ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ ხვალინდელ თამაშზე და ვპირდებით, რომ ჩვენი შესრულებით ბევრ გოლს ნახავენ", - ამბობს ზვიად კუპატაძე.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, ჯგუფის მეორე შეხვედრას, 30 იანვარს, 19:00 საათზე, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.
ქართველთა დღევანდელი მეტოქე კი კოსოვოს დაუპირისპირდება. ავსტრიისა და კოსოვოს დღევანდელი მატჩი კი, კოსოვოელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ასე, რომ თუ ხვალ საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებები მორიგ გამარჯვებებს მოიპოვებენ, ჯგუფის პირველი ადგილის მფლობელიც, რომელიც მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას საქართველოსა და კოსოვოს დაპირისპირებისას გაირკვევა. ჯგუფის მეორეადგილოსანს კი, პლეი-ოფის თამაში მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშებზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალია.





ჩვენ








