
ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ფუტსალში, „ევრო 2022"-ის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფური შეხვედრაც მოიგო. ქართველებმა, ამჯერად ავსტრიის ნაკრები 9-2 გაანადგურეს.
შეხვედრა, 26-ე წამზე სიმი საიოტის გოლით გაიხსნა. კიდევ, 7 წუთში, საქართველოს ნაკრები, უკვე 2-0 იგებდა და მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელებმა მეორე გოლის შემდეგ, მალევე მოახერხეს ანგარიშში სხვაობის შემცირება, ნათელი იყო, რომ ეს მატჩი, თავიდან ბოლომდე საქართველოს ნაკრების კარნახით ჩაივლიდა. შესაბამისად, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა, დღევანდელ შეხვედრაში თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. ეროვნული ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი ღავთაძეს, რომელიც გუნდს, 19-წლამდელთა ნაკრებიდან შემოუერთდა.
„პირველი ოფიციალური თამაში მქონდა. სიტყვებით ვერ ავხსნი როგორი განცდა მქონდა პირველი შესვლისას. ძალიან დიდი ემოციით ვარ დატვირთული. ბოლო მეტოქე კოსოვოს ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ ძლიერია. ვეცდებით ქულათა მაქსიმუმით გავიდეთ ჯგუფიდან", - ამბობს, გიორგი ღავთაძე, საქართველოს ნაკრების წევრი.
პირველი ტაიმი, ქართველებმა საბოლოოდ, 4-ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 6-2 მოიგეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში, სიმი საიოტმა და არჩილ სებისკვერაძემ 3-3 გოლის გატანა მოახერხეს.
„ჩვენი დასკვნითი მეტოქის თამაში დღეს განვიხილეთ გერმანიასთან მატჩის პროცესში და მათზე გარკვეული წარმოდგენა შევიქმენით. საკმაოდ მობილიზებული ნაკრებია, ბევრს მოძრაობენ, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ცხრა ქულით პირდაპირ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე", - ამბობს არჩილ სებისკვერაძე.
ბრაზილიელმა ლეგიონერმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მისმა თანამემამულემ, თალესმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა კი, თითი-თითო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თბილისის ჯგუფის ქულათა მაქსიმუმით საქართველოს ნაკრები ლიდერობს.
„კოსოვოსთან თამაშისთვის კარგი რეპეტიცია გამოგვივიდა. მთავარია, რომ ფინალამდე უდანაკარგოდ მივედით. ბიჭებმა, ის დავალებები, რაც მივეცი, შეასრულეს. მაგალითად, ვისაც უკვე ჰქონდა გაფრთხილება, მეორე ყვითელი ბარათისგან თავი უნდა დაეცვა და ასეც მოიქცნენ. მსგავსი შეზღუდვების მიუხედავად ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ", - ამბობს, ავთანდილ ასათიანი.
F ჯგუფის მეორე შეხვედრა, გერმანიისა და კოსოვოს გუნდებს შორის, გერმანელთა გამარჯვებით 8-4 დასრულდა. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას, ჩვენი გუნდი, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 1 თებერვალს, 22:00 დაიწყება და თამაშზე დასწრება კვლავ თავისუფალი იქნება.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო





ჩვენ








