
ბორჯღალოსნებმა რუმინეთს „დინამო არენაზე" ექვსი ლელო გაუტანეს და 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ლამაზ სტილში, 41:13 იმარჯვეს.
შუამარბი დავით კაჭარავა ბორჯღალოსანთა კვართით 120-ე თამაშს ატარებდა და ეს ფაქტი წყვილი ლელოთი აღნიშნა. შედეგად, მის მიერ გატანილი ლელოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა, უკან ირაკლი მაჩხანელი და თედო ზიბზიბაძე ჩამოიტოვა, ხოლო მამუკა გორგოძეს 3 ლელოთი ჩამორჩება.
პირველი სანაკრებო ლელოები გაიტანეს თედო აბჟანდაძემ, ბექა გიგაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ, ხოლო მეექვსე ლელო მირიან მოდებაძის ანგარიშზეა.
განვლილ მატჩში მე-80 კეპი მოიხვეჭეს ლაშა ხმალაძემ და შალვა სუთიაშვილმა, მე-60 გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო 50-ე ვასილ ლობჟანიძემ.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა და პირველი თასი შემართა ლევან მაისაშვილმა.
ბორჯღალოსნებს რუმინეთთან სარეკორდო სხვაობით გამარჯვებამდე (38:9 2016 წელს) ერთი ქულა დააკლდათ. სამაგიეროდ, აღნიშნულ მეტოქესთან სარეკორდო, 41 ქულა აიღეს და 4 წლის წინანდელის მსგავსად, 6 ლელო გაუტანეს. ეს იყო ამ გუნდების 24-ე დაპირისპირება და საქართველოს ნაკრებმა მოგებათა რაოდენობა 14-მდე გაზარდა (1 ფრე და 9 მარცხი), 2002 წლიდან რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი" კი მე-13-ედ შემართა (6-ჯერ რუმინეთმა).
გამარჯვებით და გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:
„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის პირველ თამაშს გარკვეული სირთულეები ახლავს, რადგან შესათამაშებლად ძალიან მცირე დრო გვაქვს და ტექნიკური წუნი დიდია. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში საინტერესო მომენტები მრავლად გვქონდა. ეს ანგარიშში არ აისახა, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც წესი, ყოველთვის დგება საკვანძო მომენტი, როდესაც თამაში უნდა გარდატეხო. ტექნიკურ წუნზე ვიმუშავებთ და თამაშიდან თამაშამდე აღმოვფხვრით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასე ვითამაშოთ და არ ვიყოთ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული. დღეს დაბოლოებაში რაღაც ისე არ გამოგვდიოდა, მაგრამ ხვალ გავაკეთებთ, ზეგ უკეთესი იქნება. ვიცით რას და როგორ ვაკეთებთ და მე კმაყოფილი ვარ. ის, რაც პირველ ტაიმში გავაკეთეთ, იყო იმის წინაპირობა რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ".
„სისტემა ქმნის შესაძლებლობებს და ეს ყველას კარგად გვესმის. წნეხია ჩვენი შეცდომები, მსაჯი, მოწინააღმდეგე, გარემო, პასუხისმგებლობა, თუმცა ყოველთვის დგება გარდამტეხი მომენტი. კარგია, რომ ბიჭებმა ამ წნეხს გაუძლეს და მოახერხეს თამაშის გარდატეხა. კვესელაძეს უახლოეს პერიოდში სურათს გადავუღებთ და გვეცოდინება რა მდგომარეობაშია. ოთარ გიორგაძეს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, სერიოზული არაფერი უნდა იყოს და სამშაბათს გვეცოდინება ითამაშებს თუ არა ესპანეთთან".
ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე ამბობს, რომ ბიჭები სისტემის ერთგული დარჩნენ და ამან გაამართლა:
„რაზეც ვისაუბრეთ შესვენებისას, იმის მოედანზე გადატანა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოვახერხეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმში მიღებულმა ლელომ გამოგვაფხიზლა, სისტემის ერთგული დავრჩით და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. მეტოქე ისეთ წნეხში მოვაქციეთ, რომ მათგან პროვოკაცია მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. ბიჭები შევიკარით, ვთქვით რომ მნიშვნელოვანი იყო მოედანზე 15 დავრჩენილიყავით, დომინაცია გაგვეგრძელებინა და ასეც მოვიქეცით".
საქართველოს რაგბის კავშირის ფოტო





ჩვენ








