ოლიმპმა, ტიტებმა და ვერამ გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
ოლიმპმა, ტიტებმა და ვერამ გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
02.02.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია


ზამთრის 40-დღიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა მეორე წრიდან განახლდა. თბილისსა და ბათუმში მე-12 ტურის 2 მატჩი გაიმართა, რომლებშიც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. აჭარაში სათამაშოდა პირველი წრის შემდეგ დამაჯერებლად მოლიდერე თსუ ჩავიდა, თუმცა მეტოქეც საკმაოდ ძლიერი - მე-3 ადგილზე მყოფი ბათუმი დახვდა.


შეხვედრა ვერ გამოვიდა დაძაბული. სუპერლიგის ლიდერმა ბათუმელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველი პერიოდი 12:32 რომ წააგო, შემდეგ წარმატების შანსიც არ ჰქონია. უნივერსიტეტელებს საკადრო პრობლემები აქვთ. უფრო ზუსტად კი, გუნდიდან წასულ ამერიკელთა შემცვლელებს ადაპტაციის პერიოდი უდგათ - ისააკ ასრატმა და ჯიბრილ ფოლკნერმა თსუ-ში დღეს პირველად ითამაშეს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტურძილაძე კი უნივერსიტეტელებს ფეხის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.


ბათუმელებმა ლაღად და შემართებით ითამაშეს. ტურძილაძის არყოფნაში გიორგი კორსანტიას გაუჭირდა აჭარელთა სერბი ცენტრის - ნიკოლა ვუიოვიჩის შეჩერება. ბალკანელმა მასპინძლებს 18 ქულითა და 14 მოხსნით ულიდერა, ბომბარდირი კი 21 ქულით კოლინ მალკოლმი გახდა. თსუ-ში 20-20 ქულით დევიდ მაკფარლანდი და სანდრო სანაძე გამოირჩნენ. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით - 96:79 (სტატისტიკა) დასრულდა.


თბილისურ მატჩში კი გაცილებით დიდი ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი - ბოლოადგილოსანი "მგზავრები" და ქულით მასზე წინ მყოფი "კაკტუსი" შეხვდნენ. მთელი თამაშის მანძილზე კაკტუსელები იგებდნენ, თუმცა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი "მგზავრები" პერიოდულად ფეთქდებოდნენ და ანგარიშიც რამდენჯერმე გაათანაბრეს.


მესამე პერიოდი არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა 24:12 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 15 ქულით გალიდერდნენ. მუდამ მებრძოლი მგზავრების მოთამაშეები არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ანგარიში ბოლო წუთზე 3 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ ტაქტიკურ ჯარიმებს არ აცილებდა და ქულებად აქცევდა ბრაიან ულიამსი, რომელმაც შეხვედრა 34 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. მგზავრებმა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე დეფიციტი 2 ქულამდე აღმოფხვრეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი იყო.


შეხვედრა "კაკტუსის" გამარჯვებით - 86:84 (სტატისტიკა) დასრულდა.


ქუთაისმა ვერას უმასპინძლა. მატჩი თბილისური კლუბის გამარჯვებით - 88:84 (სტატისტიკა) დასრულდა. საწყისმა სამმა პერიოდმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც მეორე, ბოლო პერიოდის წინ კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 67:67. გივი ბაქრაძისა და ბრენდონ სლაის ლიდერობით ვერელებმა ბოლო პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ქუთაისელები არ გატყდნენ და პრესინგის გამოყენებითა და ჯეჟან რაითის მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ, ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 84:85.


მასპინძელთა ტაქტიკური ჯარიმა მაიკ ჰიუზმა 2 ქულად აქცია და ვერელები 3 ქულით გაალიდერა. ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ჯეიმს მილიკენმა გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა. ჰიუზმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და ვერელები მიუწვდომელი გახადა.


26 ქულით ვერელთაგან ბომბარდირი ბრენდონ სლაი გახდა. 25 ქულა და 6 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა. 15 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მაიკ ჰიუზის ანგარიშზეა. ქუთაისეთაგან 23 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ბექა ბექაური გამოირჩა. 24 ქულა ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე დაგროვდა. ამ გამარჯვებით ვერელებმა ქუთაისელებს ცხრილში ქულით გადაასწრეს და 6 მოგებითა და 5 მარცხით ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. 


თბილისში გამართული მატჩებიდან თავდაპირველი დინამოსა და ოლიმპის დაპირისპირება იყო. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და პირველი პერიოდის 22:14 მოგების შემდეგ, შედეგიანი თამაში მეორეშიც გააგრძელეს და დიდი შესვენებისთვის 19 ქულით გალიდერდნენ.


დინამო იოლად არ დანებდა. მესამე ათწუთეულში თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა და სავარაუდოდ, დაძაბული ფინალიც გველოდა, მაგრამ არა - ოლიმპმა შეძლო მობილიზება და თამაში ისე დაასრულა, დინამოელებისთვის შანსი აღარ მიუცია - 91:77 (სტატისტიკა)


ოლიმპში 29 ქულით საუკეთესო იყო დევიონ ტერნერი. 15 ქულა კორი ჰოლდენმა დააგროვა, ხოლო 14 - აკიეან ფრედერიკმა. დინამოელთაგან 28 ქულით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა. 17 ქულა დაგროვდა ტაილერ უილიამსის ანგარიშზე.


გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო ოლიმპიელთა კაპიტანმა რეზო როგავამ, რომელმაც მართალია, 2 ქულა ჩააგდო, თუმცა მინიმუმ 30 ქულის მომტანი 14 პასი გაიღო. ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია და უთანაბრდება ბოლო 3 წლის საუკეთესო შედეგს, რომელიც შარშან ბათუმში მოთამაშე კეისი შეპარდმა გამოაცხო.


ოლიმპმა სუპერლიგის მე-12 მატჩში მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ბათუმთან ერთად ლიდერ თსუ-ს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.


ბოლო შეხვედრაში ცხუმ-აფხაზეთი და ტიტები დაუპირისპირდნენ. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი ტიტები თითქმის მთელი საწყისი 3 პერიოდი აგებდა, თუმცა დასკვნით 7 წუთში გუნდის სნაიპერებმა ისეთი მიზანი გამოავლინეს, რომ სამობოლოდ 16 ქულით - 78:62 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. შეხვედრის 38-ე  წუთზე ლიუკ მეიერმა 3 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ცხუმ-აფაზეთის წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა. 


მეიერს ანგარიშზე საბოლოოდ 24 ქულა დაგროვდა. 15 ქულა კორი სპენსერმა მიითვალა, ხოლო საერთო სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი - 8 ქულა, 12 მოხსნა. ცხუმ-აფხაზეთში 10 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთსო იყო ზუკა მაჩალაძე, ბომბარდირი კი 17 ქულით გიორგი შარაბიძე გახდა.


სუპერლიგის მორიგი, მე-13 ტური 7, 8 და 9 თებერვალს გაიმართება.