
საფეხბურთო კლუბის, ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა გვერდმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც ქართული ფეხბურთის მოყვარულები კარგა ხანია ელიან.
"ტორპედოს" ცნობით, დღეს ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინოსთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.
გიორგი ჭიღვარია: "იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომელიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული".
ფაბრიციო მანინო: "აქ ქუთაისის ტორპედოს შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!"
შეგახსენებთ, იმისდა მიუხედავად, რომ "ტორპედომ" საკლუბო ლიცენზირება გაიარა, სფფ-ს ლიცენზირების კომიტეტმა მას, თანამშრომლების მიმართ, ყველა დავალიანების გასასტუმრებლად, თებერვლის ბოლომდე მისცა ვადა. ჯერ-ჯერობით უცნობია, "ტექნიკურ საკითხებში", რომელთა შესახებაც ქუთაისის მერია და იტალიური მხარე საუბრობენ, იგულისხმება ყველა დავალიანების გასტუმრება თუ არა. ჯერ-ჯერობით უცნობია ისიც, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კიდევ გადაუვადებს "ტორპედოს" დავალიანების დაფარვის თარიღს სფფ, თუ ამ შემთხვევაში გამონაკლისს არ დაუშვებს.





ჩვენ








