
პარიზის „ბერსის" სასახლე 8 და 9 თებერვალს, ძიუდოს პრესტიჟულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 117 ქვეყნის 688 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს, გუნდში არ იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონები - ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და გურამ თუშიშვილი (მძიმე). ნაკრებს, რომელსაც ნოდარ მეტრეველი წვრთნის პარიზში 17 ძიუდოისტით წარდგება - 12 ვაჟი და 5 გოგონა.
გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანია (100 კგ), რომელიც პარიზის გრანდ სლემზე ტრადიციულად წარმატებით ჭიდაობს და შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია. პარიზში მედლისთვის იბრძოლებს ნაკრების ასევე გამოცდილი წევრი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ).
საქართველოს ნაკრებისთვის, ეს იქნება ახალი სეზონის პრაქტიკულად პირველი შეჯიბრი, აქამდე ჩვენი გუნდი მხოლოდ ისრაელში გამართულ გრან პრიზე გამოვიდა და იქაც ლიდერების გარეშე იასპარეზა. წლევანდელი სეზონი საქართველოს ნაკრებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან წინ არის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომლის დაწყებამდე 6 თვე დარჩა და ოლიმპიადამდე ყველა შეჯიბრი მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ ჩვენს გუნდს ჯერაც მოსაპოვებელი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები და ამ მხრივ, პარიზის გრანდ სლემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურნირი იქნება. შეჯიბრის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
წლევანდელი შეჯიბრის მთავარი ინტრიგა კი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტის, მძიმეწონოსანი ფრანგის, ტედი რინერის ჭიდაობაა, რომელიც პარიზულ ტატამს 2013 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდება და ცხადია, ფრანგი გულშემატკივრებისგან მხარდაჭერილი მხოლოდ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. რინერი პრაქტიკულად დაუმარცხებელი სპორტსმენი და ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონის, გურამ თუშიშვილის მთავარი კონკურენტი იქნება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. გადაიკვეთება თუ არა მათი გზები ოლიმპიადამდე რთული სათქმელია. ამის შანსი პარიზში იყო, მაგრამ თუშიშვილმა წლევანდელი სეზონის გახსნა დიუსელდორფის გრანდ სლემით გადაწყვიტა, რომელიც 21-23 თებერვალს გაიმართება.
პარიზის ტურნირმა, როგორც ყოველთვის, სპორტული ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. თუმცა, წლევანდელი შეჯიბრი, ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია - პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედია-საშუალებებიდან 200-ზე მეტი ჟურნალისტი იმუშავებს, რაც გრანდ სლემის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
პარიზში გარდა სპორტსმენებისა საქართველოს კიდევ ორი ადამიანი წარმოადგენს - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი მსაჯის სტატუსს და ახლაც, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა რეიტინგში პირველი ნომერია და ასევე, დიქტორი გიორგი ჭანიშვილი, რომელიც პარიზის გრანდ სლემს, ზედიზედ მესამედ გაუძღვება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ვლადიმერ ნუცუბიძეც და გიორგი ჭანიშვილიც იმუშავებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ძიუდოს შეჯიბრზე - ნუცუბიძისთვის ეს, რიოს ოლიმპიადის შემდეგ, მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება, ხოლო ჭანიშვილი დიქტორის რანგში პირველად წარდგება ოლიმპიადაზე და საერთოდაც, ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ქართველი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დიქტორის სტატუსით იმუშავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა წიფიანი,
-73კგ - თორნიკე გვიჭიანი, ალეკო მამიაშვილი,
-81კგ - ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი,
-90კგ - გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე,
+100კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი,
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ - მარიამ ჭანტურია,
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.
ფოტო: IJF





ჩვენ








