
ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შესარჩევ მატჩს გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი, აღნიშნულ ტურნირში, როგორც ევრო ბასკეტ 2022-ის მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად მონაწილეობს, ქართველთა სამწვრთნელო შტაბი, კონკრეტულ შესარჩევ ციკლს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს. თუნდაც, იმიტომ, რომ ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ამას გარდა, აღნიშნული შესარჩევი ციკლი, ილიას ზუროსის გუნდმა დასკვნითი ეტაპის მოსამზადებელ ციკლადაც კარგად შეიძლება გამოიყენოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ვიცით, რომ უკონკურსოდ გამოვდივართ, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი გეგმაა, რომ ევრო-ბასკეტისთვის კარგად მოვემზადოთ. ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შვეიცარია ძლიერი გუნდია და მობილიზებულნი ვართ, ყველა მწყობრში ვართ და საბრძოლო განწყობაა. მინდა მოვუწოდო ხალხს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ როგორც ყოველთვის და გულშემატკივარს კარგ თამაშს ვპირდებით", - ამბობს დუდა სანაძე, სპორტის სასახლეში გამართული ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის შემდეგ.
საქართველოს ნაკრებთან ერთად არ არიან თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე. თუმცა, ნაკრებთან ერთად მომზადება სხვა ლეგიონერებმა მოახერხეს. მათ შორის გიორგი შერმადინმა, რომელიც, კონკრეტულ მომენტში შესანიშნავ ფორმაშია.
„ყოველთვის სასიხარულოა ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში. ბევრი ახალი სახე გვყავს, ახალგაზრდაა და გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ხვალინდელ თამაშში, როდესაც ნახავენ სპორტის სასახლეს გავსებულს, სხვა განწყობა ექნებათ და იმედია გულშემატკივარი დარბაზს გაავსებს. შვეიცარია რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, ადვილი არ იქნება, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და იმედია, რომ გაიმარჯვებთ", - ამბობს, გიორგი შერმადინი.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრას, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 დაიწყება. საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის ბილეთები, როგორც ონლაინ, ასევე სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება.
ამის შემდეგ, ჩვენი კალათბურთელები ბელგრადში გაემგზავრებიან, სადაც, 23 თებერვალს, სერბეთის ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








