ახალ სეზონამდე „დინამო თბილისმა“ ახლები წარადგინა
ახალ სეზონამდე „დინამო თბილისმა“ ახლები წარადგინა
21.02.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველო ჩემპიონი, „დინამო თბილისი" ახალი საფეხბურთო სეზონის პირველ შეხვედრას 99 წლის წინ, 23 თებერვალს დაღუპული იუნკერების საპატივცემულოდ, საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული მაისურით იასპარეზებს. დინამოელები, არატრადიციულად, მესამე სათამაშო, შავი ფერის მაისურებით იასპარეზებენ, რომლებზეც იუნკერების სახელები და გვარები იქნება დაბეჭდილი.




სწორედ, ეს მაისური იყო ერთ-ერთი, „დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში მიტანილი იმ სათამაშო ფორმებიდან, რომლებიც „დინამო თბილისის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის 13 ახალწვეულს გადასცეს.


„რამდენიმე დღეში იწყება 2020 წლის საკლუბო სეზონი. კლუბში მიდიოდა სერიოზული მუშაობა, რომლის დროსაც სტაფმა და კლუბის ადმინისტრაციამ დიდი სამუშაო ჩაატარა და ამისთვის მათ, მადლობა მინდა გადავუხადო.  იმედია,  ეს დიდ შედეგებს მოგვიტანს. კლუბში, განვახორციელეთ დიდი ცვლილებები, დაუბრუნდნენ ძველი დინამოელები, გვყავს ახლები და მინდა 2020 წარმატება ვუსურვო" - ამბობს ზაზა დოლიძე.




„დინამო თბილისში" აღზრდილები, კლუბში დაბრუნებულები და ახალი სახეები (ხოსე პერალესი (ნომერი 1), ომარ მიგინეიშვილი (13), როინ კვასხვაძე (30),  ლუკა ლოჩოშვილი (3), ნიკა სანდოხაძე (4), გიორგი კუცია (21), ირაკლი ბუღრიძე (22), თორნიკე კაპანაძე (20), თორნიკე ახვლედიანი (29), ფილიპ ორშულა (18), ივან ტრუბოჩკინი (31), საიმონ ბენიო (19) და პერნამბუკუ (17)) ამ დღეს ქართულ მედიას წარუდგინეს.


ოფიციალური წარდგენის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა მედიის კითხვებს უპასუხეს. ბუნებრივია, კახა ჩხეტიანმა თურქეთის შეკრება შეაფასა და აღნიშნა, რომ „დინამო თბილისმა", რომელსაც ახალი ფეხბურთელები აღნიშნული შეკრების დროს გზადაგზა ემატებოდნენ, დადებითად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა თურქული შეკრების დროს 8 სპარინგი გამართა, აქედან 1 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, 6 კი მინიმალური, 1-ბურთიანი სხვაობით წააგო.  




„როდესაც სეზონი არ მიმდინარეობს ცხადია, გუნდი ყოველ მატჩში 100%-ით მზად ვერ იქნება. შეკრებაზე გუნდი ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე უფრო უმატებდა. სასიამოვნოა, რომ ამ თამაშებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. გამოჩნდა ის ასპექტები, რომელშიც ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მახარებს, რომ ჩვენს გუნდში არიან როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები და ამ მხრივ, ბალანსი დაცულია. სატრანსფერო საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე, არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ და კონკრეტული პოზიციები გავაძლიერეთ. პირველი წრის განმავლობაში დავაკვირდებით გუნდის თამაშს და ცხადია, ეტაპობრივად ჩვენი სუსტი მხარეებიც გამოჩნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, სეზონის შუაში უკვე ზუსტად გვეცოდინება, თუ რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება", - ამბობს ჩხეტიანი.


„დინამო თბილისი" 2020 წლის სეზონს 23 თებერვალს, სუპერთასის მატჩით დაიწყებს. კახა ჩხეტიანი, რომელმაც ერთი წლის წინ სუპერ თასის გორში, „ტორპედოსთან" ერთად მოიგო, იმედოვნებს, რომ „დინამო თბილისთან" ერთად, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, კვლავ, ამ ტროფეის მოგებას შეძლებს. ჩხეტიანს მიჩანია, რომ ყველა ტიტული მნიშვნელოვანია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებს. „საბურთალო" ძლიერი გუნდია. მათ ზამთარში ბევრი ცვლილება ჰქონდათ, როგორც უშუალოდ გუნდში, ისე სამწვრთნელო შტაბში. მათთან მატჩი გულშემატკივრისთვის საინტერესო და სანახაობრივი იქნებაო, დასძენს ჩხეტიანი.


სუპერ თასის მატჩი, მესხი 2-ზე, 23 თებერვალს 17:00 დაიწყება.


ლაშა კუპრაშვილის ფოტოები