
„დინამო არენაზე" გამართული პრეს-კონფერენციის დროს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობასთან ჟურნალისტებმა აკაკი შულაიას, ადგილსამყოფელის და მომავლის გარკვევა სცადეს.
კახა ჩხეტიანი (სკ „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი): როცა გუნდში მოვედი, პირველი ვისაც ვესაუბრე აკაკი შულაია იყო. ვიცოდი, რომ მას გუნდიდან წასვლის სურვილი ჰქონდა. პირადად მეც და კლუბის ხელმძღვანელობაც მას და მის წარმომადგენლებს შევხვდით. შულაიას ვუთხარი, რომ ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება გვსურდა. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მოლაპარაკებები კვლავაც მიდის, თუ ის გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით, მაგრამ ჩემი აზრით მან დრო ტყუილად დაკარგა.

ზაზა დოლიძე (სკ „დინამო თბილისის" გენერალური დირექტორი: აკაკი შულაიას კარიერის ევროპაში გაგრძელება სურდა, თუმცა მას ივნისამდე "დინამოსთან" კონტრაქტი აქვს. მას გაუმჯობესებული ხელშეკრულება შევთავაზეთ, თუმცა მისი მხრიდან ამ ეტაპზე თანხმობა არ ყოფილა. ვისაუბრეთ და ვუთხარით, რომ ვაფასებთ მის პროფესიონალიზმს და ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ევროპის უმეტეს ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში წასვლის პერსპექტივა კიდევ არსებობს. ვინაიდან მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და მის პოზიციაზე ფეხბურთელები დავიმატეთ. თუ შულაია დარჩენას გადაწყვეტს, ჩვენი წინადადება ძალაში დარჩება.
გადაწყვეტილებამდე კი, აკაკი შულაია „დინამო თბილისთან" ერთად აგრძელებს ვარჯის. მშობლიურ კლუბს ის, თურქეთის შეკრების დასრულების შემდეგ შეუერთდა.






ჩვენ








