ბირთვი, მჭედლიძე და ნინუა...
ბირთვი, მჭედლიძე და ნინუა...
21.02.2020
ავტორი: თ.ჯ.

ლევან მჭედლიძეს იმდენს უძახიან ტრავმა-ტრავმაო, რომ უნდა თუ არ უნდა, თავადაც სულ ამის შესახებ ფიქრობს. დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ყველას, მათ შორის მედიასაც სთხოვს, რომ დროა, ამ ფსიქოლოგიური მომენტის გადალახვაში მჭედლიძეს გარემოცვაც დაეხმაროს.


„ლევან მჭედლიძეს, მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მე ვესაუბრე ლევანს და ვუთხარი, რომ დროა ტრავმა დაივიწყოს და მოედანზე გასვლაზე იფიქროს. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მე მისი მჯერა", - ამბობს ჩხეტიანი.


დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ შეკრების დროს გუნდის ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა. ეს არის „დინამო თბილისის" ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ირიცხება. „ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება კონკრეტულ შეხვედრაში ის ითამაშებს. იგივე ეხება კონკრეტულ პოზიციებსაც. თავდამსხმელის პოზიციაზე, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს და რომელი მათგანიც უკეთ იქნება მზად, ძირითად შემადგენლობაში ის მოხვდება", - ამბობს კახა ჩხეტიანი.


„წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა ნიკა ნინუასაც, თუმცა როგორც ხედავთ ის კვლავ „დინამოშია", რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, ჯობია ევროტურნირებს დაელოდოს და ზაფხულში გაცილებით უკეთესი პირობებით წავიდეს, ასე რომ სულ მცირე ზაფხულამდე ნინუა "დინამოში" რჩება. ის ჩვენი კაპიტანია და მას ნდობას ვუცხადებთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი.