
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე დღეს, საგურამოში, „ლოკომოტივის" საფეხბურთო ბაზაზე თბილისურმა კლუბმა ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა და პრესკონფერენცია გამართა.
„როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მე მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო დასკვნითი, ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება, რომელიც თურქეთში გავიარეთ. კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ნაყოფიერი გამოდგა. ბევრ რამეზე ვიმუშავეთ; ვეცადეთ, დაგვეხვეწა ბევრი კომპონენტი. ჩვენი მიზანია, მივუახლოვდეთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ ზაფხულს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გველოდება. ჩვენ, თურქეთში გამართულ ტესტ-მატჩებში საერთაშორისო გამოცდილებაც მივიღეთ. ეს გუნდს მხოლოდ წაადგება და ვფიქრობ, იმაზე ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ვიყავით. თუმცა, მანამდე, რა თქმა უნდა, ეროვნული ლიგა გვაქვს სათამაშო და ახლა, მოცემულ მომენტში ინტენსიურად ვემზადებით პირველი ტურის მატჩისთვის, რომელიც კვირას, „სამტრედიასთან" გვექნება", - ამბობს ლევან კორღალიძე, გუნდის მთავარი მწვრთნელი.
ახალი სეზონისთვის „ლოკოს" მთავარი მიზანი ძირითადი ბირთვის შეგვენარჩუნებინა იყო. დღეს გამართულ შეხვედრაზე, „ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა აღნიშნა, რომ მათ ეს მოახერხეს და უფრო მეტიც, ზამთრის არდადეგების დროს, კლუბის უკეთ დაბალანსება და გაძლიერებაც მოახერხეს.
„გვაქვს სიახლეები და დღეს, ოფიციალურად წარმოგიდგენთ ჩვენს ახალწვეულებს - ალექსანდრე კობახიძეს, ცოტნე კაპანაძეს, ბექა დარცმელიას, გიორგი ჯინჯოლავას, გიორგი მამარდაშვილს, ლევან ჟორდანიას და იმრან ულად ომარს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ გუნდში დაბრუნდა სანდრო შეწირული, რომელიც „გაგრაში" განათხოვრების წესით თამაშობდა. გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო, რადგან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, „ლოკომოტივმა" ლევან კორღალიძის მეთაურობით, შეძლო უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება", - ამბობს გიორგი ყიფიანი.
ბუნებრივია, ევროტურნირებზე ისაუბრა ლევან კორღალიძემაც. თუმცა, ლოკომოტიველთა ახალგაზრდა თავკაცმა აღნიშნა, რომ ზაფხულამდე ეროვნული ჩემპიონატის სტარტია, რომლისთვისაც გუნდი მზადაა.
„ჩემს ფეხბურთელებს ერთი მიზანი დავუსახე: უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ყველა მომდევნო თამაშში გავიმარჯვოთ. მაქსიმალურად შევეცდებით ამის გაკეთებას და დანარჩენი, დეკემბერში გამოჩნდება, რისთვის გვიბრძოლია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც „ლოკომოტივიდან" წავიდნენ. გასულ სეზონში, ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებები მათი დიდი დამსახურებაცაა", - ამბობს კორღალიძე.
2020 წლის ახალი საფეხბურთო სეზონის, ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს, თბილისის „ლოკომოტივი" მესხი 2-ზე, 20:00 საათზე, „სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.
სკ "ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








